4-01-2019
2020 წლის ბოლომდე საქართველოში 230-ზე მეტი ახალი სასტუმრო და სხვა ტურისტული განთავსების ობიექტი, 22,600 საწოლი ადგილით გაიხსნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების განთავსების ობიექტები არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც აშენდება, რაც ადგილებზე გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
"სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის სფეროში უკვე დასაქმებულთა ან მომავალში ამ სექტორში დასაქმებით დაინტერესებულთა სწავლებებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე. ჩვენ ვგეგმავთ 4-სეზონიანი ტურისტული ცენტრების განვითარებას, რომელიც მუშახელს დაასაქმებს არა მხოლოდ სეზონურად, ადგილებზე მომიჯნავე დარგებისთვის ყოველწლიური შემოსავლების მიღების წყაროც გახდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აღსანიშნავია, 230 ტურისტული ობიექტიდან, 32 მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო აშენდება, საიდანაც 14 ამოქმედდება თბილისში, დანარჩენი სასტუმროები განთავსდება ბათუმში, მწვანე კონცხზე, ქუთაისში, თელავში, აგრეთვე საქართველოს სამთო კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.