გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ტურისტების რაოდენობის მხრივ 2018 წელს ახალი რეკორდი დამყარდა

4-01-2019

"რიცხვი, რომელიც ახლა უნდა დავასახელო, ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში - 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 679 544 ადამიანი. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის უნიკალური წარმატება და რას ნიშნავს ეს: პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველ დღე იზრდება“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა ეს გახლავთ საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.
„პირველ იანვარს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ თავის საახალწლო მიმართვაში - წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ საქართველოს საპატიო სტუმრობა დაასახელა მსოფლიოს ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე - ფრანკფურტში.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური - 2018 წელს საქართველო უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში.

ასევე საერთაშორისო კვლევითი პორტალის - Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპაში მეორე ადგილზეა.

სწორედ ამიტომ, ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილი მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.

ეს არის კარგი ტენდენცია, რაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან 2018 წელს 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც ასევე რეკორდულია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში“-განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, ეს არის საგრძნობი შედეგები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის ზრდის თვალსაზრისით. 

„შესაბამისად, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას. ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია ქვეყნის ყველა რეგიონს, ქალაქსა და სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ახლა მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის მკვეთრად გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, და განსაკუთრებით საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო. ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში.

თავის მხრივ, ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს მომიჯნავე დარგების განვითარებასაც, რადგან ტურისტს სრულფასოვანი ვიზიტისთვის სჭირდება ეკონომიკის სხვა სექტორების მომსახურებაც. ამიტომაც, უკვე რამდენიმე წელია, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთგვარ ლოკომოტივად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მომიჯნავე დარგებში ახალი ინვესტიციებისა და იდეების მოზიდვას.
ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურ ზრდას, ანუ ისეთ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. შესაბამისად, ტურიზმია ის სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს ინკლუზიურ ზრდას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ყველაზე მტკივნეული ეკონომიკური გამოწვევის დაძლევას, როგორიცაა სიღარიბე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტურიზმი და მისი განვითარება ისეთ რეგიონებში, რომლებიც ჯერჯერობით ჩამორჩება სხვა მსხვილ ქალაქებს.

მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-ია. ხოლო, 2017 წლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ანუ, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12%-ია. ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიანიშნებს ტურიზმის სექტორის განსაკუთრებულობას ჩვენი ეკონომიკისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის თანამიმდევრულ და სტაბილურ განვითარებაზე. გვაქვს სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სექტორის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში.

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმა მჭიდრო კავშირში იყოს ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევებთან. შესაბამისად, იმ პროფესიული სასწავლებლების დიდი ნაწილი, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება საქართველოში, ფოკუსირებული იქნება ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებსაც აქვს ზრდის ყველაზე უფრო დიდი პოტენციალი. აქაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ტურიზმის სექტორი.

მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქვეყნისთვის არის საქმიანი ტურიზმის განვითარება. საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის.

საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები. განვაგრძობთ ამ პაკეტის დამუშავებას, რათა არსებული შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დამატებითი ზრდა შემოვიტანოთ ჩვენ ტურისტულ სექტორში. ამ თვალსაზრისით, ტურიზმის განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვნად დაკორექტირდება.
სამედიცინო ტურიზმთან ერთად საქართველოს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს გამაჯანსაღებელ ტურიზმშიც. საინტერესოა, რომ საქართველოში გვაქვს 180-ზე მეტი ადგილი, რომლის ათვისება და განვითარება დამატებით ტურისტულ ნაკადს შესძენს ჩვენს ქვეყანას.

ასევე, დაგეგმილი გვაქვს, განვავითაროთ შეხვედრების ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ საქართველომ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და გაუზიაროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს ინერგება ქვეყანაში.

ამავე დროს, ჩვენი მთავარი ხედვაა ის, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ტურისტული, სატრანსპორტო, ეკონომიკური და ინტელექტუალური ცენტრი. ამიტომაც, ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები და ტელევიზიები სულ უფრო ხშირად აშუქებენ საქართველოს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო ადგილს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი სილამაზისა და ჩვენი უნიკალური ტრადიციების წარმოჩენა.

დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტურიზმის მიმართულებით, გახლავთ ეფექტური და მომავალშიც შეძლებს მნიშვნელოვანი შედეგის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები და მოვემზადოთ ყველა, რომ 2019-ში კიდევ უფრო მეტ ტურისტს ვუმასპინძლოთ“-განაცხადა პრემიერმა.