7-01-2019
ზაფხულის შემდეგ ყველაზე აქტიური პერიოდი აფხაზეთში მანდარინის სეზონია, რამდენადაც ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი შემოსავალი ამ ორ სფეროზე მოდის: ტურიზმსა და ციტრუსის ბიზნესზე.
ადგილობრივ ფერმერებს საკუთარი მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის გაყიდვა, ძირითადად, მხოლოდ რუსეთში შეუძლიათ. 2018 წლის სტატისტიკა მათთვის საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება.
საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, აფხაზეთიდან რუსეთში ყოველდღიურად 100 ტონაზე მეტი ციტრუსი გააქვთ, წინასაახალწლო პერიოდში კი ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება.
ეს შარშანდელზე ხუთჯერ უფრო მეტია, როდესაც აზიურმა ფაროსანამ აფხაზეთის სოფლის მეურნეობას დიდი ზარალი მიაყენა. სპეციალისტების გამოთვლით, აფხაზეთის წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 30 ათასი ტონა მანდარინია და მისი რეალიზაცია პრაქტიკულად მთლიანად რუსულ ბაზარზე მოხდება.
„ჩვენს მანდარინებს განსაკუთრებული გემო აქვს – ისინი მომჟავო-მოტკბოა და ვიზუალურადაც განსხვავდება, იგივე ჩინურისაგან. ჩვენის კანი მკვრივი და თხელია, ამასთან, ადვილია გასაფცქვნელად“, – ამბობს ოვანესი, რომელიც სოხუმიდან 10 კილომეტრში მდებარე სოფელ იაშტუხაში ცხოვრობს.
ის მანდარინით სავსე ხის ყუთებს საკუთარ ავტომობილში ტვირთავს და ცდილობს, თითოეულ მანდარინს ზედაპირზე ნაჭერი გადაუსვას. რამდენიმე საათის შემდეგ ოვანესი საქონელს რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანს და პირდაპირ საზღვარზე მისცემს გადამყიდველებს. ვიზუალურ მხარეზე იქნება დამოკიდებული ფასიც.
მისი მეუღლე რუზანა და სამი ქალიშვილი – ყველანი მოსავლის აღებაში მონაწილეობენ. ისინი დილიდან დაღამებამდე მუშაობენ, რათა გაწვიმებამდე ყველაფერი მოასწრონ.
თუმცა, ოჯახები ვერც ღამით ისვენებენ – სხედან და მანდარინს ახარისხებენ, ამასთან, ცდილობენ, სავაჭროდ უკეთესი სახე მისცენ.
აფხაზეთში ბევრი ფერმერი ჩივის, რომ მათთვის სულ უფრო რთული ხდება კონკურენცია რუსულ ბაზარზე ჩინეთიდან, მაროკოდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ მანდარინთან.
„აფხაზურ მანდარინზე მოთხოვნა მისი გემოს გამოა, თუმცა, ჩინური უკეთ ბზინავს და იაფი ღირს“, – ამბობს რუზანა.
აფხაზური მანდარინი საბჭოთა წლებში მოსკოვსა და სხვა რუსულ ქალაქებში ბრენდად იქცა. ბევრ მაღაზიაში შეხვდებით ჩინურ მანდარინს წარწერით – „აფხაზური“, რომელიც სინამდვილეში საგრძნობლად განსხვავდება შესახედავად.
„მეზობელი ოქტომბერში მოსკოვის ერთ-ერთ ბაზარში მოხვდა, სადაც ყველა მანდარინს აფხაზურად ასაღებდნენ. გარეგნულად ეს ციტრუსი ჩვენსას საერთოდ არ ჰგავს. თანაც, აფხაზური მანდარინი ნოემბრის შუაში მწიფდება და, შესაბამისად, ოქტომბერში დახლებზე გასაყიდად გამოტანილი ვერანაირად ვერ იქნება“, – ამბობს რუზანა.
ოვანესის თქმით, საბჭოთა პერიოდში ადამიანი, რომელსაც ციტრუსის მეურნეობა ჰქონდა, შეძლებულად ითვლებოდა. მაშინ მისი ოჯახი 11-12 ტონა მანდარინს კრეფდა (ახლა მხოლოდ 7 ტონას) და მოსავლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით მანქანის ან სახლის აშენება შეიძლებოდა.
ახლა ყველაფერი გართულდა. ოვანესი მოსავლის ნაწილს რუსეთში, ადლერში ბითუმად მოვაჭრეებს აბარებს. მეორე ნაწილს კი პირდაპირ აფხაზეთში ყიდის გადამყიდველებზე.
ერთი კოლოგრამი მანდარინის საბითუმო ფასი დამოკიდებულია მისი გაყიდვის ადგილზე. თუ პირდაპირ სახლიდან ყიდი – ფასი 20 რუბლია (დაახლოებით 30 ცენტი). თუ საზღვრის გადაღმა, რუსეთში გადაგაქვს – 30-40 დუბლი (დაახლოებით 50 ცენტი).
რუსეთში, მაღაზიებში აფხაზურ მანდარინს 60 რუბლად (დაახლოებით 1 დოლარად) და უფრო ძვირადაც ყიდიან.
ვინ და როგორ გამოიმუშავებს ციტრუსებზე
ევგენი სინიავსკიმ 15 წლის წინ, გულრიფშის რაიონის სოფელ გამარჯვებაში ხეხილის ბაღი მემკვიდრეობით მიიღო ბაბუისგან, რომელმაც მას მებაღეობის უნარ-ჩვევებიც შეასწავლა.
ამ წელს ევგენი თავის 25 მეასედ მიწის ნაკვეთში, 5 ტონამდე მანდარინს ელოდება. მიახლოებითი გამოთვლით, სუფთა მოგება, სავარაუდოდ, დაახლოებით 80 ათასი რუბლი (დაახლოებით 1 200 დოლარი) იქნება.
„გასულ წელს, აზიური ფაროსანასა და მაისში მოსული ძლიერი წვიმის გამო, როდესაც ციტრუსს ყვავილობა აქვს, მინუსში აღმოვჩნდი და არა მხოლოდ მე. ეს კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. სპეციალისტები მხოლოდ ბუჩქების შესაწამლად მომყავს. ამასთან ერთად, შეგროვებისთვის, გათიბვისა და ხეების გასხვლისთვისაც რომ მომყავდეს, მაშინ ამ საქმის კეთება საერთოდაც წაგებიანი იქნებოდა“, – ამბობს ის.
ევგენი მანდარინს გადამყიდველებს აბარებს – კილოგრამს, ზემოთ უკვე ნახსენებ 20-25 რუბლად. სანამ მანდარინი კრასნოდარამდე ჩავა, გადამყიდველისთვის კილოგრამზე მისი თვითღირებულება დაახლოებით 16 რუბლით იზრდება: „ფსოუს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას გაწეული ხარჯი – 12 რუბლი კილოგრამზე და ასევე, ტრანსპორტირების ხარჯები.
ევგენის ბაღში იზრდება ფეიოხოა, ფორთოხალი და ლიმონი. რამდენიმე წლის წინ, ბაბუის ნაკვეთზე 50 ახალი მანდარინი და 20 ფეიხოა დარგეს. მხოლოდ 9 მანდარინმა გაიხარა, სამაგიეროდ – ყველა ფეიხოამ. წელს ის კიდევ აპირებს ახალი ციტრუსების დარგვას.
ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესია, ამბობს ის, მაგრამ ახალი მიწების შეძენას არ გეგმავს – ძალიან არამოგებიანი ბიზნესია:
„შევინარჩუნებ და გავაუმჯობესებ იმას, რაც ბაბუისგან დამრჩა, თუნდაც, მხოლოდ მოვალეობის გრძნობის გამო“.
jam-news.net