7-01-2019
„ასეთი ერთეული შემთხვევები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „სასამართლოსთან არც მაშინ, არც დღეს არ იყო და არ არის კავშირში ეს ყველაფერი, რაც ხდება უმრავლესობის შიგნით“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელს იყო სირთულეები და კონკრეტული დეპუტატები პოლიტსაბჭოს მიღმა აღმოჩნდნენ, რადგან მათ გარკვეული წესები დაარღვიეს.
„მე როდესაც ვამბობ, რომ არასწორი ინფორმაცია გააქვთ კონკრეტულ დეპუტატებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ერთერთი არის, სამწუხაროდ, ესეც. რეალურად, შარშან ამ დროს რაც ხდებოდა, ცოტა უფრო ადრეც, ის არანაირ კავშირში არ იყო სასამართლოსთან. დეტალების გაშლა მე დღეს არ მინდა. იყო კონკრეტული სირთულეები, პრობლემები, მათ შორის, გახსოვთ, რომ მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებითაც.
კონკრეტული დეპუტატები აღმოჩნდნენ პოლიტსაბჭოს მიღმა სწორედ იმის გამო, რომ მათ გარკვეული წესები დაარღვიეს. ანუ, ეს იყო მაშინ ფაქტი. დღეს გვაქვს იგივე მოცემულობა. სასამართლოსთან არც მაშინ, არც დღეს არ იყო და არ არის კავშირში ეს ყველაფერი, რაც ხდება უმრავლესობის შიგნით.
პრობლემები არ არის მაინცდამაინც რთული, ესეც შემიძლია გითხრათ და ეს პრობლემები არის მოგვარებადი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სირთულეების მოგვარების ყველაზე კარგი გზა - საუბარია, რისთვისაც მმართველი გუნდი მზად არის.
„ჩვენ მაქსიმალურად რბილი და მოზომილი მიდგომით ვმუშაობთ ჩვენს თანაგუნდელებთან. თუ არის სადმე სირთულე და პრობლემა, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ და ამის საფუძველზე უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები. მზად ვართ დღესაც ამისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრის ფორმატს, ირაკლი კობახიძის თქმით, რაც უფრო ეფექტიანი იქნება ფორმატი, უკეთესია, მთავარია, დაცული იყოს გუნდურობის პრინციპი.
„ეს შეიძლება, იყოს უმრავლესობა, ეს შეიძლება, იყოს ფრაქცია, ეს შეიძლება, იყოს ერთი ერთზე საუბარი. ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, დისკუსიისთვის იმისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პრინციპი იყო შარშან ამ დროსაც, არაერთგზის დარღვეული სხვადასხვა დეპუტატის მიერ, თუმცა, მაშინ მოვახერხეთ პრობლემის გადაჭრა. დღესაც ვხედავთ, რომ ირღვევა გარკვეული წესები, გუნდურობის პრინციპები, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აქაც შევძლებთ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, სადაც ტყუილი ითქვა. ირაკლი კობახიძემ კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც, მაგალითად, ტყუილი ითქვა. ანუ, არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. ამის დაკონკრეტება დღეს არ მინდა. მაგალითად, ყვებოდნენ კონკრეტული დეპუტატები იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა კონკრეტულ შეხვედრებზე, და რეალურად, ტყუილი ითქვა, ანუ, არასწორი ინფორმაცია გამოვიდა გარეთ, რაც არის, ბუნებრივია, წესების დარღვევა და ასევე, წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. ესეც, ბუნებრივია, არ არის სწორი და მისაღები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიასთვის ვიცე სპიკერის კაბინეტის მომზადება, აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სექტემბერში დაიწყო და შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არ იყო სასამართლოს საკითხებთან.
„ჩვენ აქ ვდგავართ ზუსტად იმ კაბინეტის წინ, რომელიც იყო გამზადებული ქალბატონი ეკა ბესელიასთვის, რომლის მომზადება დაიწყო სექტემბერში, გამომდინარე აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებიდან და ბუნებრივია, აგვისტოში საერთოდ არ იყო აქტუალური სასამართლოს თემა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არ იყო სასამართლოს საკითხებთან, აქედან გამომდინარე, არასწორია, როდესაც ასე უკავშირებენ რაღაც გარემოებას იმას, რასთანაც მას არ აქვს რეალურად კავშირი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ დღევანდელ მოცემულობაში, ეკა ბესელიასთვის ვიცე სპიკერის თანამდებობის შეთავაზებაზე საუბარი - ზედმეტია.
„დღევანდელ მოცემულობაში ამაზე საუბარი არის, რა თქმა უნდა, ზედმეტი. ეს შეიძლება, ცალსახად ითქვას. კიდევ ერთხელ, მე ყველას მოვუწოდებ, მთავარია, შეცდომები არ დაუშვან. ხშირად, ადამიანები, ემოციურ ფონზე უშვებენ ხოლმე შეცდომებს და ამას ვხედავთ ჩვენ კონკრეტული დეპუტატების შემთხვევაში დღესაც. მე მათ მოვუწოდებ, ნუ აყვებიან ემოციებს, ნუ იმოქმედებენ ემოციების საფუძველზე და ასეთ შემთხვევაში, ისინი არ დაუშვებენ შემდგომ შეცდომებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის რღვევაზე საუბარი ზედმეტია, ასევე, ტყუილია საუბარი „შიდა გუნდებზე“. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთი გუნდი, რომლის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი.
„გუნდის რღვევაზე საუბარი არის ზედმეტი. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, გახსოვთ, შარშან ამ დროს იყო ამაზე მეტი სირთულეები, ეს დასრულდა ერთი დეპუტატის გარიცხვით პარტიიდან, თუმცა, ეს არ ნიშნავდა არავითარ შემთხვევაში გუნდის რღვევას. არის თეორიული რისკი იმისა, რომ შეიძლება მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ასეთი ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, აქ იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც, სამწუხაროდ, გადის გარეთ, ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად, არის ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“,- განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს რაიმე ტიპის სანქციაზე საუბარი არასწორია. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი დიალოგისა და დისკუსიის რეჟიმშია და გუნდის ერთიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ამის საფუძველზე იქნება მიღებული.
„დღეს არასწორია საუბარი რაიმე სანქციაზე, მით უმეტეს, გარიცხვაზე, რაც არის უმკაცრესი სანქცია. ჩვენ დღეს ვართ, რა თქმა უნდა, დიალოგის და დისკუსიის რეჟიმში. ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება გუნდის ერთიანობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.