8-01-2019
კიევის ყოფილმა მერმა, ამჟამად საცხოვრებლად ქობულეთში გადმობარგებულმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული, პარლამენტს ევთანაზიის (უკურნებელი სენით დაავადებულთა ხელოვნურად მოკვდინების) დაკანონების წინადადებით მიმართა.
ამასთან, როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიახლიდან ირკვევა, ჩერნოვეცკის იდეაა, რომ სნეულთა მოკვდინება უცხოეთის მოქალაქეებზე იქნას დაშვებული, რაც ინიციატორის აზრით, საქართველოში სამედიცინო ტურიზმს გაზრდის.
კიევის ყოფილი მერის იდეით, საქართველოში უნდა შეიქმნას ევთანაზიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და უნდა მომზადდეს შესაბამისი კადრები, როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე იურიდიული და ფსიქოლოგიური მიმართულებითაც.
საბოლოოდ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივა უარყო.
"კომიტეტის სხდომაზე ევთანაზიის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის საკანონმდებლო წინადადება განიხილეს. წინადადების ავტორი აქტიური ევთანაზიის გამოყენებას საქართველოში ჩამოსული უცხოელების მიმართ ითხოვდა. კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირეს"-ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ევთანაზიის დაკანონებას მსოფლიოს თითქმის ყველა ეკლესია, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესია კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს.
Enthanasia (ბერძნ. eut - ტკბილი, უშფოთველი, thanatos - სიკვდილი) უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით.