15-12-2017
ზუგდიდში საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის ქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი ზუგდიდს თბილისის მერიამ ათხოვა.
რაც შეეხება ღონისძიებებს, ისინი 22 დეკემბერს ქალაქის სკეიტ პარკში ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და 7 იანვარს ალილოთი დასრულდება. ახალი წლის ღამეს დაგეგმილ გალა კონცერტში კი მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ, მათ შორის, ანსამბლი "ოდოია", ანსამბლი "ცისკარი", "ჩელა" თიკო თოდუა, ლაშა თოდუა და სხვები.
„თანხა არ არის გათვალისწინებული კონცერტებისთვის, ბიუჯეტის დაზოგვის ბიზნით წელს მომღერლები თბილისიდან არ ჩამოგვყავს", - აღნიშნეს მერიაში.
სულ ბიუჯეტიდან საახალწლოდ 32 000 ლარამდე დაიხარჯება, რომლიდანაც ფოერვერკებისთვის 4 ათას ლარამდეა გათვალისწინებული, რაც შეეხება დანარჩენ 27 000 ლარზე მეტს, აღნიშნული თანხა სასაჩუქრე პაკეტებისთვის არის განსაზღვრული.
საუბარია ღონისძიებაზე მოწვეული, ასევე, სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, აუტიზმის დღის ცენტრის, ნეიროგანვითარების ცენტრის და შშმ ბავშვებისათვის საჩუქრად გადასაცემ ტკბილეულსა და მრავალშვილიანი ოჯახების, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანების, მარტოხელა მშობლების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, 100 წელს გადაცილებულებისა და უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისათვის სადღესასწაულოდ გადასაცემი სხვადასხვა კვების პროდუქტზე.
სასაჩუქრე პაკეტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ორივე ტენდერი, რომელთაგან ერთის ღირებულება 8 000 ლარს, ხოლო მეორის 19 702 ლარს შეადგენს, შპს „ბ.თ.ბ“-მ მოიგო.
საახალწლო ღონისძიებების განრიგი კი ასე გამოიყურება:
22-დეკემბერი-18:00 სთ - კონცერტი, ნაძვის ხის ანთება (სკეიტ პარკი)
27 დეკემბერი 17:00 საათი - მერის საბავშვო-საახალწლო მიღება (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია )
31 დეკემბერი. 22:00 საათი - საახალწლო გალა-კონცერტი (სკეიტ-პარკი)
3 იანვარი 15:00 საათი - თოჯიონების თეატრი- საახალწლო ზღაპარი ყველაზე პატრა მაყურებლებისთვის (კულტურის ცენტრ „ოდიშის“ დარბაზი)
7 იანვარი 12:00 საათი - საშობაო ალილო.
წყარო: რადიო "ათინათი"