10-01-2019
სოფლის ადგილზე უშველებელი ღრმული გაჩნდა, რომელიც თვალის დახამხამებაში წყლით ივსებოდა. ასე გაჩნდა ზღაპარივით სოფლის ადგილზე ტბა, რომელიც ისეთი ლურჯია, თითქოს ხახიეთელებისთვის ზეციდან გამოგზავნილ ცრემლებს აგროვებს
პატარა ქართული სოფლის ტრაგედიამ იმხანად მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეძრა... ტრაგედია 27 წლის წინ, ზუსტად აპრილის თვეში დატრიალდა. ხახიეთი რაჭა-იმერეთის საზღვარზე, ულამაზეს მთებში ჩაძირული სოფელი იყო. ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. უეცრად, ზუსტად 12 საათსა და 15 წუთზე, გარემო საშინელმა გუგუნმა გააყრუა და 9-ბალიანმა მიწისძვრამ
ხახიეთის მთები ერთმანეთს შეაჯახა.
დაახლოებით 15 წამის შემდეგ აღარც სოფელი არსებობდა, აღარც ის ადამიანები, რამდენიმე წუთის წინ სიცოცხლეს რომ შეხაროდნენ. სოფლის ადგილზე უშველებელი ღრმული გაჩნდა, რომელიც თვალის დახამხამებაში წყლით ივსებოდა. ასე გაჩნდა ზღაპარივით სოფლის ადგილზე ტბა, რომელიც ისეთი ლურჯია, თითქოს ხახიეთელებისთვის ზეციდან გამოგზავნილ ცრემლებს აგროვებს;
ტბა, რომლის ფსკერზე 45 ხახიეთელი და მთელი სოფელი განისვენებს. სოფლიდან მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა - ერთი მოზრდილი და ერთიც პატარა ბიჭი, რომლებიც იმ დილით სოფელში არ იყვნენ.
ხახიეთის ტბა სოფლის პატარა მდინარე ხახიეთისწყალმა შექმნა და დედამიწაზე ერთ-ერთ საშიშ ტბად აქცია - მისი სიგრძე 100 მეტრია, სიღრმე კი - 300 მეტრი. მასთან მიახლოება ადამიანებს ზარავთ მის ფსკერზე ჩაძირული სოფლის გამო. მისი წყალი ზამთარ-ზაფხულ ყინულივით ცივია, ხელსაც ვერ ჩაყოფ.
მიწისძვრებზე საუბრისას მეცნიერები ხშირად ახსენებენ ამ ავბედით სახელს - "ხახიეთს". ეს დაღებულ ხახას ნიშნავს, რომელიც ყველაფერს შთანთქავს.
საქმე ის არის, რომ მიწისძვრებს სეისმურად აქტიური ადგილები თითქმის ყოველთვის "მონიშნული" აქვს და ხახიეთის ტერიტორიაც ასეთი იყო - როგორც ჩანს, რაჭა-იმერეთის სეისმურად აქტიურ მთებში მიწისძვრას ეს ადგილი ასწლეულების წინაც ჰქონდა შთანთქმული. ალბათ, ამიტომაც შეარქვეს აქაურობას ეს სახელი.
მოსახლეობამ ეს სეისმური ზონები უნდა იცოდეს და იქ არ დასახლდეს, ულამაზეს ხახიეთში კი ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობდნენ და ამ ტრაგედიამ ყველანი ერთ წუთში შთანთქა.
ამ სოფლიდან გადარჩენილი ჯუმარ გაგიევის მოგონებამ იმხანად საქართველო შეძრა. იმ საშინელებას მისი 18 წლის ვაჟი და ცოლიც შეეწირნენ: "მეზობელ სოფელში ვიყავი და იქიდან ვბრუნდებოდი. სოფელს რომ მივუახლოვდი, უცაბედად უეცარმა ტალღამ დამარტყა და საშინელი გუგუნიც გაისმა. მერე დავინახე, რომ შავი მთა მოპირდაპირე კუდევის მთას შეასკდა და ხეობაში, სადაც სოფელი იყო, ორივე ზათქით ჩაიშალა, მე კი მიწისძვრამ ჰაერში ამაგდო."
ამ მიწისძვრამ ზემო იმერეთისა და რაჭის სოფლების კატასტროფული ნგრევა გამოიწვია. ხახიეთის ირგვლივ ტერიტორია დღეს მეწყერებისა და ზვავების გროვებად არის ქცეული.