21-01-2019
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტის ბრიუსელიდან დაწყება პოლიტიკური განაცხადია და ევროპაში მასთან შეხვედრის დიდი მოლოდინია.
"საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ჩვენს პარტნიორებს ნატოში და ევროკავშირში. შეხვედრები ევროკავშირის სამივე პრეზიდენტთანაა დაგეგმილი. ესენი არიან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდება , ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს. მოლოდინია და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკეთებს იმ განაცხადს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია", - განაცხადა ნატალია საბანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გასტანს.