22-01-2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, დიდი ოდენობით - 4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.