24-01-2019
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, რომლებიც როტაციის პრინციპით, თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების ინსპექტორებისგანაა დაკომპლექტებული, ზამთრის კურორტებზე - დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლი 57 ობიექტში ჩატარდა, აქედან 33 სხვადასხვა დარღვევისათვის დაჯარიმდა (ეტიკეტირება, მიკვლევადობა, ვარგისიანობის ვადა), ხოლო 7 შემთხვევაში შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას.
საზოგადოებრივი კვების ობიექტის სახელმწიფო კონტროლის დროს სამზარეულოს სანიტარიულ -ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ვარგისიანობა, მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადა, ტემპერატურული რეჟიმი, მიკვლევადობა, ეტიკეტირება და სხვა მოწმდება.
„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მომხმარებლის, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების ინტერესების დაცვა პოპულარულ ზამთრის კურორტებზე. ამ მიზნით, უკვე მეორე წელია როტაციის პრინციპით ტარდება შემოწმების პროცესი და მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება. უნდა აღინიშნოს, რომ კონტროლის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესოპერატორებს რეკომენდაციებს აძლევენ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა აუცილებელი სტანდარტი, რაც საბოლოოდ მომხმარებლის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას გულისხმობს“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ.