1-02-2019
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და მასზედ დაქვემდებარებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანებას ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის საქმეზე დავის მორიგებით დასრულებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ სასამართლომ პრინციპული პოზიცია 2019 წლის 31 იანვრის სხდომაზე გამოთქვა და ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს მუნიციპალიტეტის მერ გიორგი გურსაპაშვილთან დამატებითი კონსულტაციების განხორციელება მოსთხოვა.
ამასთან, სასამართლომ მოისმინა ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის ადვოკატ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მხარე განიხილავს მორიგების შესაძლებლობას. „პირობები უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, განჭვრეტადი, აღსრულებადი და ობიექტური“ - განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სარჩელით მოთხოვნილია ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე.