3-02-2019
საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ კომპანებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიტყვით მიმართა. მინისტრის განცხადებით, საფერავის საერთაშორისო კონკურსის მიზანი საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების მთელ მსოფლიოში ცნობადობის ამაღლებაა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის დასაწყისია. საფერავი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ მეღვინეობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფერავი გახდება ლიდერი ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე. სწორედ ამ ჯიშის და მისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაცია არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაშიც საფერავის საერთაშორისო კონკურსი დიდ წვლილს შეიტანს“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში მინისტრმა დამსახურებული მეღვინეები დააჯილდოვა. წელს ეს წოდება მერაბ მიქაშავიძემ, თეიმურაზ გონჯილაშვილმა, დავით მაისურაძემ, გიორგი დაქიშვილმა და დავით მაღრაძემ მიიღეს.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, ალავერდის მიტროპოლიტი აბბა დავითი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გასული წლის 15-16 დეკემბერს თბილისში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლები იღებდნენ. გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.
კონკურსზე 87 კომპანიის 200-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.