8-02-2019
ახალქალაქში დროებითი მოთავსების იზოლატორი გარემონტდა, ახალციხეში იზოლატორს სამედიცინო პუნქტი დაემატა, ბაკურიანში კი ახალი გაიხსნა.
2018 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში განახლდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურება და დაკავებულთა პირობები, ამაღლდა თანამშრომელთა კვალიფიკაცია.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, პირველად საქართველოში, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, არასრულწლოვნებზე მორგებული ინფრასტრუქტურა - საგამოძიებო და დაკავების ოთახები მოეწყო. ასევე, 2018 წელს სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა დროებითი მოთავსების იზოლატორები ახალქალაქში, წალკასა და ჩხოროწყუში. გაფართოვდა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი, მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება ქობულეთის, ფოთის და სამტრედიის იზოლატორების რეაბილიტაცია. აგვისტოში გაიხსნება ახალი იზოლატორი ბაკურიანში.
2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, დროებითი მოთავსების რვა იზოლატორში დაემატა სამედიცინო პუნქტი (მცხეთა, საგარეჯო ყვარელი, ფოთი, ზესტაფონი, ხაშური, ჩხოროწყუ და ახალციხე); ახალმა და მოქმედმა ექიმებმა კი სპეციალურად მათთვის ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს.