გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოში ფერმერული საქმიანობის თაობაზე კანონპროექტის მომზადება იგეგმება

11-02-2019

„მიწა არის მნიშვნელოვანი აქტივი, ეს არის ეროვნული ღირებულების, ეროვნული უსაფრთხოების საგანი და მას სჭირდება სწორი მართვა,“- განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარემ ოთარ დანელიამ კახეთის რეგიონში გამართულ კომიტეტის გასვლით სამუშაო შეხვედრაზე.

კომიტეტის წევრებმა მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.


საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები კომიტეტის წევრებს ოთარ დანელიამ გააცნო.


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაშია.


როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ერთიანი სამართლებრივი სისტემის შექმნის აუცილებლობით, რომლითაც განსაზღვრული იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების პრინციპები და მიწაზე საკუთრების უფლება.


„ორგანული კანონის პროექტი ქმნის საფუძველს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების სახელმწიფო პოლიტიკა შემუშავდეს ქვეყნის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, დადგინდეს მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის განსაზღვრისა და მათი ცვლილების ერთიანი პრინციპები,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.


კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტის მიღების მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის, რაციონალური გამოყენების პრინციპებისა და მიწის მდგრადი მართვის სახლმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების გამჭირვალე და ერთიანი სისტემის შექმნა.


შეხვედრაზე კომიტეტის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ განიხილეს.

როგორც ოთარ დანელიამ აღინიშნა, კანონპროექტის მიღების მიზანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ხელშეწყობა, ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების თავიდან აცილებაა.


„კანონის პროექტი ქმნის საფუძველს, განისაზღვროს ქვეყანაში ქარსაფარი ზოლებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა. დადგინდეს ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები,“- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, 2019 წელს კომიტეტის ფარგლებში ფერმერული საქმიანობის თაობაზე კანონპროექტის მომზადება იგეგმება.


„აღნიშნული კანონი მოაწესრიგებს ფერმერების სამართლებრივ სტატუსს, დაადგენს რეგულაციებს ფერმერებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთკავშირის გაუმჯობესების მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა უცხო ქვეყნების არსებული პრაქტიკის და გამოცდილების, რის შემდეგაც სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მომზადება კანონპროექტი,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.


შეხვედრაზე შემუშავებაში მყოფ კანონპროექტებზე იმსჯელეს, როგორიცაა საქართველოს კანონის პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.


კომიტეტის წევრებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო და საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა განიხილეს.


სამუშაო შეხვედრა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით ჩატარდა.