გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბახტაძემ, თხილის სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა

11-02-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა.


მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ფერმერებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ აზიურ ფაროსანასა და თხილის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, რათა ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს და მოსახლეობამ ხარისხიანი მოსავალი მიიღოს. პრემიერი მიიჩნევს, რომ წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლაში გამორჩეული უნდა იყოს, რისთვისაც შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი უკვე გამოყოფილია.


„გასულ წელს ჩვენ გვქონდა წარმატება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, მაგრამ წლევანდელი წელი უნდა იყოს კიდევ უფრო გამორჩეული. არ უნდა დავტოვოთ არც ერთი ოჯახი, არც ერთი ფერმერი, რომელიც არ იქნება ინფორმირებული ბრძოლის მეთოდებსა და იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ბიუჯეტში ჩაიდო და რომელსაც უკვე ვახორციელებთ. ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, მოსახლეობის ინფორმირება მაქსიმალური უნდა იყოს სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებითაც, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა თხილის სექტორს და ჩვენს საექსპორტო პოტენციალს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მამუკა ბახტაძემ ლევან დავითაშვილისგან „თხილის დაცვის პროგრამით" გაწერილი სამოქმედო გეგმა მოისმინა. მინისტრის განმარტებით, კომპლექსური ღონისძიებების გეგმა მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს, თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცემს 2 000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს; ასევე, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ჩართულობით უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას და აგროკონსულტანტების მომსახურებას ფერმერთა ჯგუფებისთვის.


პრემიერი მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასთან დაკავშირებული ტენდენციითაც დაინტერესდა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა თხილის ექსპორტის კუთხით საქართველოში არსებულ პოტენციალს და აღნიშნა, რომ საბოლოო წარმატება არა მავნებლის დამარცხება, არამედ მაღალი ხარისხის პროდუქციის მაქსიმალური ექსპორტი იქნება.


მთავრობის მეთაური მინისტრს ასევე ესაუბრა კაკლოვანი კულტურების განაშენიანების ხელშეწყობასა და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე.


მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე, სახელმწიფოს ხედვასა და თხილის კულტურის დაცვის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდში დაგეგმილ კონფერენციაზე ისაუბრებს, რომლის მუშაობაში 400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.