14-02-2019
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს., მისი საქართველოში ყოფნის დროს 2018 წლის იანვარში, უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ-ს დაუკავშირდა და თითქოსდა მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მოტივით უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა.
2018 წლის 4 თებერვალს მ.ხ.-ს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გ.ს -მ იგი საცხოვრებლად ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში მოათავსა, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, რის შემდეგაც განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ს.-ს დაზარალებული, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, სისტემატიურად გადაჰყავდა ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში. ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.
გამოძიების ეტაპზე, გ.ს. გამოძიებას მიემალა. მის მიმართ 2018 წლის 3 მაისს ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 17 მაისს, ბრალდებულის სახით ქ.ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.