16-02-2019
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, «The Economist»-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ვრცელი სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას:
ანაკლიაში მკვდარი სეზონი დგას. შავი ზღვის ნაპირზე მდებარე კაფეები დაკეტილია, სასტუმროები ცარიელი, თებერვლის რბილი ბრიზი კი პალმებს აშრიალებს. ახლო-მახლო, ჭაობებს, მანდარინისა და თხილის ტევრებს შორის შორის ძროხები ბალახობენ. მაგრამ ამ ჩაძინებული ქართული კურორტის მიღმა მთვარის პეიზაჟი იშლება - ზღვის ფსკერიდან ამოღებული შავი ქვიშა 8-მეტრიანი სიმაღლის გორებადაა დაყრილი 80 ჰექტარ დაჭაობებულ ადგილზე, იქვე მოჩანს მილები, რომლებიც წყლიანი ნიადაგის დრენაჟს ემსახურებიან. ეს პირველი ნაბიჯებია ახალი ღრმაწყლიანი საკონტეინერო ნავსადგურის მშენებლობის საქმეში. თუ მიიხედ-მოიხედავ, მიხვდები ამ ნავსადგურის მნიშვნელობას: ჩრდილოეთით, შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ, აფხაზეთია, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი და საქართველოსგან ჩამოშორებული, შემდეგ თვითონ რუსეთი, იმის იქით კი ომით ნაიარევი უკრაინა. პირდაპირ - შავი ზღვის აკვატორიაა გაშლილი, ჰორიზონტს იქით კი - ევროკავშირი.
საქართველოსთვის გეოგრაფიული მდებარეობა ლოცვაც არის და იმავდროულად - წყევლაც, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი. ლოცვა იმიტომ, რომ საქართველო ევროპისა და აზიას შორის, აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტზე მდებარეობს. წყევლა კი იმიტომ, რომ საქართველო გარემოცულია ძლიერი სახელმწიფოებით (ყოფილი იმპერიებით), რომლებსაც მეზობლებზე თავდასხმების მიდრეკილება აქვთ. საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად ბევრჯერ მომხდარა სპარსელების, თურქებისა და არაბების შეჭრა სამხრეთიდან, მონღოლებისა და რუსებისა - ჩრდილოეთიდან. მოსკოვი საქართველოს თითქმის ორი საუკუნე - XIX-XX ასწლეულებში მართავდა, ხოლო დამოუკიდებლობის ჟამს, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთი საქართველოში ხანმოკლე დროით შეიჭრა. ამჟამად მოსკოვი კვლავ აკონტროლებს აფხაზეთს და კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონს - სამხრეთ ოსეთს. შარშან რუსეთმა გააფრთხილა საქართველო, რომ თბილისი „საშინელ კონფლიქტს“ მიიღებს, თუ ნატოში გაწევრიანების მცდელობას არ მოიშლის. მაგრამ ქართველებს არამარტო ნატოში სურთ გაწევრიანება, არამედ ევროკავშირშიც: „ჩვენ თავს ევროპელებად ვთვლით - შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე თვით ევროპელები“, - ხუმრობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.
მაგრამ რას იზამ, როცა ბრიუსელი, ბერლინი და პარიზი საქართველოს გაწევრიანებას ორივე ორგანიზაციაში ნაკლებად შესაძლებლად თვლიან? ისე, კაცმა რომ თქვას, საქართველო, გამჭვირვალობის მაჩვენებლით, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ-სახელმწიფოზე ბევრად წინ დგას... მაგრამ დიდი მნიშვნელობა იმ ფაქტორსაც, რომ საქართველო შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს („არასწორ მხარეს“) და რუსეთის მეზობელია. ანაკლიაში მშენებარე საზღვაო პორტმა საქართველოს მიმართ დასავლეთის აღქმა უნდა შეცვალოს, შავი ზღვა უნდა „შეამციროს“ და დასავლეთევროპელები საქართველოს უნდა დაუახლოვოს, მასზე ზრუნვის მიზნით.
მაგრამ როგორ?
დღეისათვის ჩინეთსა და ევროპას შორის სამი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფანი არსებობს: სამხრეთთ, ირანის გავლით, რომელიც არაპრაქტიკულია აშშ-საგან გამოცხადებული სანქციების გამო; შუა დერეფანი - კასპიის ზღვისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი ზღვისაკენ, რომელიც ასევე არაპრაქტიკულია თანამედროვე ღრმაწყლიანი ნავსადგურის უქონლობის გამო და ჩრდილოეთი - რუსეთის გავლით, რომელიც იქ არსებულ „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ დერეფანს უერთდება. ანაკლია, მისი დანიშნულების თანახმად, შუა დერეფანს ღრმაწყლიანი ნავსადგურით უზრუნველყოფს, რომელიც საქართველოს ესოდენ აკლია და ამით დერეფნის „ვიწრო ადგილი“ აღმოფხვრილი იქნება.
მშენებლობის I ეტაპი - ორი ნავმისადგომი კონტეინერმზიდებისთვის და ერთიც - სხვადასხვა ტვირთებისათვის, აგრეთვე საავტომობილო და სარკინიგზო მისასვლელები, რომლებსაც ევროკავშირი აფინანსებს, მზად უნდა იყოს 2021 წლისათვის. ანაკლიის პორტი, რომელიც ფინანსდება ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების კონსორციუმით, აგრეთვე ჩინეთის მხარდაჭერით - აზიის ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ბანკით, წელიწადში ერთ მილიონ კონტეინერს მოემსახურება, რაც ორჯერ მეტია საქართველოს ყველა ნავსადგურის ერთობლივ შესაძლებლობებზე. პერსპექტივაში, გრძელვადიანი გეგმით, ტვირთბრუნვა შეიძლება 5 მილიონამდეც გაიზარდოს, რის შედეგად ანაკლია შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე დიდ ნავსადგურად იქცევა - მას შესაძლებლობა ექნება მიიღოს ისეთი გემები, რომლებიც 10 ათას სტანდარტულ კონტეინერს იტევს, ანუ ყველაზე დიდი გემები, რომლებსაც ბოსფორის სრუტეში გავლა შეუძლია. (...) საქართველოს მთავრობისა და ევროპელი პარტნიორების მტკიცებით, ანაკლიის პორტით ქვეყანა უფრო მიმზიდველი და აქტუალური გახდება დასავლეთისათვის, გაფართოვდება თანამშრომლობა შავ ზღვაზე... დიპლომატიური კუთხითაც სარგებლობას მოიტანს - ზღვის აკვატორიაში დასავლეთის ყოფნის შედეგად შემცირდება რუსეთის ჩარევის რისკები. როგორც საქართველოს ელჩი ბრიუსელში ნატალია საბანაძე ამბობს, „ვიცით, რომ ევროკავშირი ჯერ მზად არ არის წევრობა შემოგვთავაზოს, მაგრამ ჩვენ გვინდა მზად ვიყოთ იმ დღისათთვის როცა შემოგვთავაზებს“.
ანაკლიასთან მიმართებით დამატებითი ასპექტებიც არსებობს: მშენებარე პორტიდან ხუთი წუთის სავალზე - იქ, სადაც ჭაობიან ტყეებზე სადემარკაციო ხაზი გადის - ქართველი ჯარისკაცები კოშკურებზე დგანან და აფხაზეთის მიმართულებით იყურებიან. ენგურის ორივე ნაპირზე აფხაზური და ქართული დროშები ფრიალებენ. აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები ხიდის მეშვეობით ყოველდღიურად ფეხით გადმოდიან და საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში საქონელს ყიდულობენ, აფთიაქებში წამლებს იძენენ, პენსიებს იღებენ, ბავშვები სკოლაში მიჰყავთ. როგორც საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, ანაკლიის პორტში შექმნილი სამუშაო ადგილები და მისი ინფრასტრუქტურის განვითარება გარკვეულწილად ზეწოლას მოახდენს აფხაზებზე და რუსებზე, რომ მათ მოსახლეობის გადაადგილების ლიბერალიზება მოახდინონ (გასულ თვეში მათ „საზღვარი“ 26 დღით დახურეს) და შესაძლოა, საბოლოო ჯამში მხარეებმა მოლაპარაკება დაიწყონ.
აბრეშუმის ახალი გზა
ასეთი ამბიციური პროექტის რეალიზება არასტაბილურ რეგიონში ადვილი საქმე არ ყოფილა. ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაფინანსებაში გარკვეულმა ყოყმანმა და საქართველოს მთავრობაში მომხდარმა ცვლილებებმა პროცესი გააჭიანურა. რუსმა ჟურნალისტებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ პორტი შესაძლოა ნატოს ფარული სამხედრო-საზღვაო ბაზა იყოსო. და ახლა „თი-ბი-სი ბანკის“ წინააღმდეგ, რომელიც ნავსადგურის მშენებლობის დიდი მხარდამჭერია, გამოძიება მიდის (ფულის გათეთრების ბრალდებით, თუმცა ბანკი ამ ბრალდებას უარყოფს). კონსორციუმის ინსაიდერები მიანიშნებენ საბოტაჟის გარკვეულ მცდელობაზე, თუმცა იქვე ამბობენ, რომ უკვე მოგროვილია 600 მილიონი დოლარი მშენებლობისთვის და ამრიგად, სამუშაოები გრძელდება.
თუ ანაკლიის პროექტი წარმატებით განხორციელდება, ის [ახალი ეპოქის] ერთგვარი სიმბოლო გახდება: „არანაირი პოსტსაბჭოური სივრცე აღარ არსებობს, ის წარსულს ჩაბარდა“, - ამბობს თედო ჯაფარიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ამჟამად კონსორციუმ „ანაკლიის“ თავმჯდომარის მოადგილე, - „საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა სახელმწიფო“. მის სიტყვებში არის აზრი: ქართველმა ახალგაზრდებმა სსრ კავშირის პერიოდი არ იციან, მახსოვრობაში ნელ-ნელა ქრება 2008 წლის თავდასხმაც. ამ თვალსაზრისს კარნეგის ევროპული ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი თომას დე ვაალიც ეთანხმება: „საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა, რუსეთის გავლენასთან ერთად, თანდათანობით რეგიონს ტოვებს“, - ამბობს იგი და ყურადღებას ამახვილებს არამარტო ანაკლიის პორტზე, არამედ ჩინეთთან და ევროკავშირთან დადებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ევროპელებს, ალბათ, მოუწევთ იმ სიტუაციის გაცნობიერება, რომ საქართველო, მართალია, რუსეთის გეოგრაფიული მეზობელია, მაგრამ სულაც არ არის მისი მომხრე სამეზობლოს ნაწილი. ანუ საქართველოსთვის გეოგრაფია ლოცვაც შეიძლება იყოს და წყევლაც, მაგრამ ქვეყანა მის ტყვე არ უნდა იყოს.
წყარო: newspress.ge