18-02-2019
გიორგი შალამბერიძე 11 წლის ბიზნესმენია გორიდან. მან მამალოების დამზადება 1 წლის წინ, Youtube- ის საშუალებით ისწავლა. საკუთარი ხელით დამზადებული მამალოები პირველად უბნის პატარა მაღაზიას ჩააბარა, დღეს კი 700-მდე მამალოს აკეთებს და ყოველდღიურად გორის სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს, კვირაში რამდენჯერმე კი ბაკურიანისა და ბორჯომის მაღაზიებშიც ახერხებს თავისი პროდუქტის შეტანას.
11 წლის გიორგიმ ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მშობლებმა სამსახური დაკარგეს და ოჯახი იძულებული გახდა, ქირით გადასულიყო. დღეს ოჯახს გიორგის შემოსავლის საჭიროება არ აქვს, მაგრამ ის ბიზნესის განვითარებაზე მაინც ზრუნავს.
გიორგი ოცნებობს, მისი მამალოები საზღვრის იქეთაც გასინჯონ.
„ყველა ჩემს კამფეტს აწერია „STOP RUSSIA“. ამქონდა კამფეტები ხურვალეთში და მაღაზიაში ვაბარებდი. დავინახე რომ მავთულხლართები იყო, ჯარისკაცები იყვნენ და ვიფიქრე, რომ ეს არ უნდა იყოს ასე და გავაკეთე წარწერა. მინდოდა რუსი ჯარისკაცებისთვის მიმეტანა ეს მამალო და მეთქვა თავისი შვილებისთვის წაეღოთ. მალე მივიტან კიდეც და ვეტყვი, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და ისინი არ უნდა იყვნენ აქ“ - ამბობს პატარა ბიზნესმენი.
გიორგის დიდი გეგმები აქვს და ბიზნესის გაფართოებასაც გეგმავს. აპირებს, საბავშვო პურები გამოაცხოს, რომელსაც სხვადასხვა მულტფილმის გმირის ფორმები ექნება.
რეპორტაჟი გიორგის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალ კვირაში" გავიდა.