18-02-2019
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის აბაშის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ფერმერებს თხილისა და მრავალწლოვანი კულტურების გასხვლა-ფორმირების, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების აგროტექნოლოგიის კუთხით კონსულტაციები გაუწიეს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაღები და საკარმიდამო ნაკვეთები დაათვალიერეს, საჭირო ლიტერატურა გადასცეს და აგრარული სფეროს სიახლეები და სახელმწიფო პროგრამები გააცნეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება და 2018 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 150 სოფელში 7500-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია.
სამეგრელოს რეგიონში მობილური ექსტენციის მეორე ეტაპის ფარგლებში, 18-დან 21 თებერვლის ჩათვლით, ფერემერებთან შეხვედრები მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში გაიმართება.