19-02-2019
ბათუმის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბათუმის საბავშვო ბაღები საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით მარაგდებოდეს უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გვინდა განვმარტოთ, ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღები მარაგდება საქონლის ხორცით, რომელიც გადის შემდეგ პროცედურებს:
ტან-ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა 2) ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში. ფორმა 2 არის საბუთი, რომელიც ადასტურებს , რომ საქონელი არის ჯანმრთელი და საკვებად ვარგისი, მისი დაკვლა მოხდა ყველა სტანდარტის დაცვით.
მოწოდებული ხორცის ყველა ნაჭერზე დასმული უნდა იყოს ვეტერინარის დამღა, რომელიც უნდა იკითხებოდეს გარკვევით; ვეტერინარი თავისი ცნობით გვიდასტურებს, რომ ხორცი რომელიც მიეწოდება საბავშვო ბაღებს არის ფორმა 2-ით მოწოდებული საქონლის ტან-ხორციდან დაფასოებული რბილი ნაჭრები, ცნობა დასტურდება ვეტერინარის ბეჭდით.
ყველა მოწოდებულ პარტიას უნდა ახლდეს ვეტერინარის მიერ გაცემული ცნობა რეალიზებული პროდუქციის შესახებ, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში.
ხორცის მოწოდების დროს დაცულია ეტიკეტირების წესი, რომელიც თან ახლავს პროდუქტს.
ყველა დოკუმენტი ხორცთან ერთად მიეწოდება არსებულ საბავშვო ბაღებს, დოკუმენტების დედანი ინახება ადმინისტრაციაში.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შესაბამის სტრუქტურებთან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“ - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.