„მიშველე გთხოვ, იმსახიობე, ბეგიმ მომიგზავნა ამალა"-გაუჩინარება სიორიძის დაშინების შემდეგ?
9-11-2017
12 საათზე მეტია ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელს ეძებენ. გიორგი როყვას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, მთელი დღის განმავლობაში ის არც ოჯახს და არც შტაბის წევრებს დაკავშირებია.
ბოლო სმსშეტყობინებაში კი როყვა წერდა, რომ მას ემუქრებოდნენ და მერობის კანდიდატის შტაბის წევრებისგან დახმარებას ითხოვდა.
„მიშველე, ითამაშე გთხოვ, ბეგიმ მომიგზავნა ამალა და არ ხარ კოტესთან. შეცდომააო თქვი, გთხოვ რა, მიშველე. იმსახიობე. ვითომ არც პირადობა მომიცია და არაფერი, შეცდომააო თქვი. პირიქით, ბეგის ეხმარებაო თქვი, გთხოვ.
"გავუშვი გავისტუმრე, ბეგიც იყო დაჟე. გთხოვ, უბრალოდ გამაუქმე და ამით დამთავრდება ყველაფერი. გეხვეწები ახლავე გამაუქმე, გთხოვ,“ - წერდა სმსშეტყობინებაში გიორგი როყვა.
ამავე შეტყობინებაში გიორგი როყვა მერობის სახელისუფლებო კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კომენტარს არ აკეთებს. მის შტაბში კი ბრალდებებს დეზინფორმაციად აფასებენ.
როგორც კოტე შარაშენიძე აცხადებს, მისი შტაბის წევრზე ზეწოლას როყვას კონკურენტი, მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ბეგლარ სიორიძე ახორციელებდა.
კოტე შარაშენიძე ამბობს, რომ როყვას სიორიძესთან პირადი შეხვედრაც ჰქონდა.
,,კონტაქტზე არ გამოდის, ოჯახი ეძებს. ტელეფონი გამორთული აქვს.
როგორც ვიცით სმს-ები გადმოაგზავნა, რომ ზეწოლას ახდენენ ჩემზეო და ამის შემდეგ გაქრა. შეხვედრა ჰქონდა სიორიძესთან. თვითონ მოყვა. სიორიძემ მოითხოვა გვერდით დგომა , ბიჭმა უარი უთხრა და მერე სიორიძემ დააშინა, როგორც ჩანს, ისეთი ფსიქოლოგიური ტერორი ჩაუტარა,რომ საერთოდ კონტაქტზე არ გამოდის,“-ამბობს შარაშენიძე.
რაც შეეხება არჩევნებამდე 4 დღით ადრე გურიაში შექმნილ ზოგად სურათს, შარაშენიძე ამბობს, რომ სიორიძის სასრგებლოდ ხდება,.როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვა და მუქარა. შარაშენიძის თქმით, სიორიძე ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ იცის არჩევნებს თანაბარ პირობებში წააგებს.
,,ვფიქრობთ, ქართულ ოცნებას მიუღებელი სუსტი კანდიდატი ჰყავს. ქალაქის მოქმედმა მერმა დამოუკიდებელ კანდიდატს ვერ მოუგო, სწორედ ამიტომ ეშინიათ და ისინი ყველაფერს იკადრებენ, რათა გაიტანოს თავისი. ამის უამრავი ფაქტი არსებობს, მიდის მოსყიდვაც და დაშინებაც, ამის მტკიცებულებებიც გვაქვს“-ამბობს შარაშენიძე.
წყარო: "გურიის მოამბე"