21-02-2019
სარფსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული სამკაულები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს მოქალაქეს, გ.ყ-ს, 3,718 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 53.93 გრამი) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3,718 ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ლ.მ-ს კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 8.6კგ. ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.