22-02-2019
1921 წლის 25 თებერვლიდან 98 წელი გავიდა. ეს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის თარიღი, რომელმაც საქართველო თავისი ეროვნული განვითარების გზას 70 წლით დააშორა.
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, საბჭოთა ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ,,მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ შექმნილი ფილმის ,,სატელეგრაფო ოკუპაციის“ ჩვენება გაიმართა, სადაც დეტალურადაა გადმოცემული ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს ანექსია.
ფილმის ჩვენებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
კვირეულის ფარგლებში, 18-დან 22 თებერვლის ჩათვლით, საგანმანათლებლო ღონისძიებაში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც, ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, საშუალება ჰქონდათ, საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინათ.
ვინაიდან 25 თებერვალი არის საქართველოს ოკუპაციის დღე და რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს მიიღო დადგენილება „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“, რომლის ძალითაც ყოველი წლის 25 თებერვალი გამოცხადდა საბჭოთა ოკუპაციის დღედ. ყოველი წლის 25 თებერვალს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ეშვება სახელმწიფო დროშები და მთელი ერი, წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულ კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპულ იუნკრებს და ყველას, ვინც კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა.