24-02-2019
რუსთავში, ქალაქის მერიის ინიციატივით, ცნობილი ქართველი ლოტბარის, ჯუმბერ ყოლბაიას მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა ფიროსმანის ქუჩაზე, საქართველოს დამსახურებული არტისტის საცხოვრებელი სახლის ფასადზე, მისმა შვილმა და შვილთაშვილმა გახსნეს.ჯუმბერ ყოლბაიას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ანსამბლ „ფაზისის“ წევრები, ჯუმბერ ყოლბაიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ჯუმბერ ყოლბაია ანსამბლ „რუსთავის“ დაარსების დღიდან მისი წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ვოკალურ ანსამბლ „ფაზისს“, იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მის მიერ ქალაქ რუსთავში ბავშთა გუნდი „ჩაკრულო“ დაარსდა.
ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 2016 წელს, რუსთაველ ლოტბარს ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, დამსახურებული არტისტის, ჯუმბერ ყოლბაიას სახელი მიენიჭა ასევე წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლსაც.