19-12-2017
აფხაზური და რუსული მხარეები ხელმოსაწერად „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მარეგულირებელი შეთანხმების“ მზადებას განაგრძობენ. როგორც სოხუმში ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ე.წ. შეთანხმების ძალაში შესვლის დრო ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იგი მხარეთა მიერ რატიფიცირებასაც მოითხოვს, ამას სავარაუდოდ, კიდევ ნახევარი წელი დასჭირდება.
რაც შეეხება ე.წ. შეთანხმების შინაარსს, როგორც პრეს–კონფერენციაზე დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ დიმიტრი შამბამ აღნიშნა, იგი აფხაზეთის მოსახლეობისთვის მთელ რგ პრეფერენციებს ითვალისწინებს:
„პირველი პრეფერენცია იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აფხაზეთის მოქალაქეობიდან გაუსვლელად შეძლებენ; მეორე – იმაში, რომ ისინი არა უბრალოდ მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას რუსეთის კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია გამარტივებული წესი, რომელიც არ მოქმედებს არც ერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის; მესამე – იმაში, რომ აფხაზეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად იკავებენ ან სამომავლოდ აპირებენ რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას, აფხაზეთის მოქალაქეობიდან გასვლის ვალდებულება აღარ იარსებებს; მეოთხე – აღარ იქნება სავალდებულო ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ცნობების გაგზავნა, შესაბამისად, ამ ცნობების არწარმდგენი პირები სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ქვეშ აღარ მოექცევიან; მეხუთე – აფხაზეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამხედრო სამსახური აფხაზეთის ტერიტორიაზე გაიარეს, ამ სამსახურის გავლა რუსეთის ფედერაციაშიც ჩაეთვლებათ და აფხაზეთის თავდაცვის სამინიტროს მიერ გაცემული სამხედრო ბილეთები რუსეთშიც იქნება აღიარებული“.