გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბორჯომში საცურაო აუზის საქმეზე მშენებელი პასუხისგებაში მისცეს

28-02-2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „დ.ხ კომპანის“ წარმომადგენელს გივი ახობაძეს, რომელიც ბორჯომში საცურაო აუზის ვერანდის გადახურვაზე მუშაობდა, დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. საქმე ბორჯომის ისტორიული პარკის საზაფხულო აუზს ეხება ეხება. 


შპს „დ.ხ კომპანიმ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2017 წელს გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით კომპანიას ბორჯომის პარკში საცურაო აუზის შენობის ვერანდა 69 133 ლარში უნდა გადაეხურა. თუმცა, დათქმულ ვადაში სამუშაოების დასრულება ვერ შეძლო. 


საგამოძიებო სამსახურმა შპს „დ.ხ კომპანის“ დირექტორის მინდობილი პირი გივი ახობაძე მუნიციპალიტეტის თანხების მითვისების ფაქტზე სსკ–ის 182 მუხლის 3–ე ნაწილის „ბ“ პუნქტით პასუხისგებაში მისცა, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულსიხმობს.


„ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ახობაძემ რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობა გაზარდა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 


ამავე საქმეზე, ოღონდ სამოქალაქო წესით, ბორჯომის მერიამ სასამართლოში უკვე იჩილვა და მოიგო კიდეც. მერია „დ.ხ. კომპანიას“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებოდა. 


„კომპანიისგან ვითხოვთ ჯარიმის, პირგასამტეხლოს და ავანსის თანხის დაბრუნებას. პირველი ინსტანციის, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა“, – განაცხადეს ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეკითხვაზე, რამდენი ლარის გადახდა დაეკისრა კომპანიას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში არ გვპასუხობენ. ინფორმაციის მისაღებად წერილობით მიმართვა გვთხოვეს ახალციხის რაიონულ სასამართლოშიც. 


შპს „დ.ხ კომპანის“ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2017 წლის 29 ივნისიდან, 45 დღის ვადაში უნდა დაესრულებინა. სატენდერო დოკუმენტებში ჩანს, რომ კომპანიამ სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა და 10–დღიანი გადავადება ითხოვა.


გივი ახობაძემ მედიასთან საუბარი არ ისურვა: „ჯერ კიდევ მიმდინარეობს ძიება, ამიტომ ვიდრე არ დასრულდება კომენტარს ვერ გავაკეთებ“.


სისხლის სამართლის საქმის ძიების პარალელურად სამოქალაქო წესით დავა გრძელდება სასამართლოშიც. „დ.ხ კომპანიმ“ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც მათ სასამართლოს მიმართეს აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია: „რა გაკეთდება ამ ტერიტორიაზე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შეიძლება აღნიშნული ფართი სხვა ფუნქციით დაიტვირთოს“.


ბორჯომის პარკში არსებულ საზაფხულო აუზს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაუტარდა.


სამხრეთის კარიბჭე