გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები მალე დაიწყება

1-03-2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, 2015-17 წლებში პეტრას ციხის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ კედელს, აღმოსავლეთ კედელს და დერეფნის უბანს.


2017 წელს სააგენტოს მიერ კონკურსის საფუძველზე პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტი იქნა შესყიდული, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში გასულ წელს დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები, კერძოდ, მოეწყო ღობე.


აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს ტენდერი გამოცხადდა სამუშაოების სრულად განხორციელებაზე, რაც ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, კაფის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები დასრულდება 2020 წლის ზაფხულისათვის. (ბიუჯეტი -1750000 ლარი).


პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი.

აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ 2017 წელს ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების დროს ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი მასალები აღმოაჩინეს: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა).


პირველად ციხის შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს ს.ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახ.ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრ.კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმ.კარიბჭე და აბანო.


ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის- ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.