19-12-2017
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 83-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ის ინციდენტები განიხილეს, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან 18 დეკემბრის პერიოდში დაფიქსირდა.
შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და 2017 წლის მანძილზე ჩატარებულ უკანონო სამხედრო წვრთნებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესით შექმნილ პრობლემებს და 2014 წელს, ოკუპირებულ ახალგორში გაუჩინარებული, ხოლო მოგვიანებით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულის საქმის გამოძიების აუცილებლობის საკითხს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 24 იანვარს გაიმართება.