გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტექინსპექტირების სტანდარტები მარტივდება

4-03-2019

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების რეგლამენტში რამდენიმე ცვლილება შევიდა.


• ელექტროძრავით აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფასი 20 პროცენტით მცირდება


M1 კატეგორიის ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20 პროცენტით მცირდება. აღნიშნული ცვლილება შევიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების რეგლამენტში.
ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ტექინსპექტირების საფასური ასეთი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მხოლოდ 48 ლარი იქნება. რეგლამენტის თანახმად, M1 კატეგორიისაა ავტოტრანსპორტი, რომელსაც მძღოლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.


• 2020 წლამდე საქარე მინაზე სამი წერტილოვანი დაზიანება ნებადართული იქნება


2020 წლის პირველ იანვრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის (ნაკენჭურის) მოქმედების არეში დაშვებული იქნება სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, თუკი მისი დიამეტრი 5 მმ - ს არ აღემატება, - აღნიშნული ცვლილება შევიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში.
ამავე დროს, ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არესა და სარკეებზე დაუშვებელი იქნება როგორც ბზარების, ასევე ლაქების არსებობა.


•ტექინსპექტირების ახალი რეგულაციით, გამონაბოლქვის კონტროლი გამკაცრდა


ტექინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილებით, გამკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი და არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა. აღნიშნული ცვლილება შეიტანა საქართველოს მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში.
ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან / და ლურჯი.
ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.


• განმეორებითი ინსპექტირებისას ავტომობილს ვიზუალურად შეამოწმებენ


ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, განმეორებითი ინსპექტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური შემოწმებაც განხორციელდება. კერძოდ, საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების მოჭარბებული კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე.
გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები) შემთხვევაში, დამატებით შემოწმდება ავარიული გასასვლელებიც.


• ტაქსები ტექინსპექტირებას ყოველ 6 თვეში ერთხელ გაივლიან


ინსპექტირების ახალი პერიოდულობა ტაქსებსაც შეეხებათ, რომლებიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ გაივლიან, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან. ამით ცვლილება შევიდა ტექინსპექტირების რეგლამენტში, რომლითაც ტაქსების ტექინსპექტირება წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო.
რეგლამენტში შესული სიახლე ასევე შეეხო შემდეგ ვალდებულებებს:

იდენტიფიკაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების ფერის დადგენის ვალდებულებას;
მესაკუთრის ვალდებულებას - სატრანსპორტო საშუალების ფერის შეცვლის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;
მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას.


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.