ხარაგაულში მცხოვრებმა ამირან კვირიკაშვილმა თავი 2017 წლის 4 ნოემბერს მოიკლა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ის ადგილობრივ პოლიციაში დაიბარეს და ქურდობის გაუხსნელი ფაქტების აღიარებას აიძულებდნენ. გარდაცვლილის ძმის არჩილ კვირიკაშვილის თქმით, ხარაგაულის პოლიციაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, მის ძმასთან ერთად, ქურდობის ფაქტების აღიარებას მასაც აიძულებდნენ. ოჯახის ახლობლის განცხადებით, პოლიციაში ამირან კვირიკაშვილის ერთ-ერთი ძმა, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გამათბობელზე მიაბეს, ზურგზე წიხლებით შედგნენ და ამირანს ემუქრებოდნენ, ამას თუ ვერ დავიჭერთ, შენ გაგაფუჭებთ თუ დანაშაულებს არ აღიარებ და ჩვენთან არ ითანამშრომლებო.
თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად ხარაგაულის პოლიციამ დაიწყო, 5 დღის შემდეგ კი საქმე გამოსაძიებლად ქუთაისის საოლქო პროკურატურამ დაიქვემდებარა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) მიმდინარეობს.
ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის პრობლემებით და ეკონომიკური სიდუხჭირით აეხსნათ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დაუდგენელი რჩება ძმები კვირიკაშვილების ადგილობრივ პოლიციაში დაბარების და რამდენიმესაათიანი დაყოვნების სამართლებრივი საფუძველი.
„საქმეში არსებული მასალები მიუთითებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ ლეგიტიმური საფუძველი ამირან და არჩილ კვირიკაშვილის გამოკითხვისთვის, რაც აძლიერებს ამ საქმეში პოლიციელთა ბრალეულობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეებთან არაფორმალური გასაუბრების პრობლემურ პრაქტიკას“, - ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ დირექტორი სოფო ვერძეული.
გაზეთ „ჩემი იმერეთის“ ინფორმაციით, ხარაგაულის პოლიციის სამმართველოს უფროსად ნიკოლოზ ზაალიშვილი დაინიშნა, რომელიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
წყარო: reginfo.ge
http://www.reginfo.ge/people/item/4290-xaragaulis-poliziis-uprosi-tanamdebobidan-gaatavisuples