გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში ჩავა

6-03-2019


„რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია. მიმაჩნია, რომ რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტები უნდა იყოს უცხოეთში ვიზიტებზე არანაკლებად ხშირი და შედეგიანი. თელავში ფიცის დადება ამ პრიორიტეტის ხაზგასმა იყო. ჩავედი ზუგდიდში, ქუთაისში, დაგეგმილი მაქვს ჩასვლა ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.


„უმუშევრობა, მწვავე სოციალური პრობლემები ძალიან დიდი ტვირთია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში. ადგილებზე ჩასვლით დავრწმუნდი, რომ ყველგან, ყველა მხარეში დევს მისი განვითარების სპეციფიკური გასაღები. მეღვინეობის განსაკუთრებულ და მზარდ პოტენციალთან ერთად, ვითარდება სოფლის მეურნეობის სხვა დარგები. მცირე და საშუალო მეწარმეები წარმატების მაგალითს იძლევიან. ისინი სახელმწიფო პროგრამების, სხვადასხვა დაფინანსების წყაროების გამოყენებით ახერხებენ ქართული ბაზრის დაუფლებას და ზოგჯერ - უცხოურ, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომ ბაზრებში შეღწევას. უცხოეთთან გახსნილი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და სატრანსპორტო ქსელის განვითარება დიდ შესაძლებლობებს გააჩენს, თუკი ქართული პროდუქციის ხარისხისა და რეკლამირების დონე აიწევს. ასევე, საგანგებოდ მინდა ხაზი გავუსვა ქალი ფერმერების საქმიანობას, რომელსაც უკვე უჭირავს თავისი ადგილი ეკონომიკაში და რომელსაც სჭირდება მეტი მხარდაჭერა.


რეგიონებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ახალი პოტენციალის ამოქმედება გადამწყვეტია, მაგალითად - ტურიზმის სფეროში სხვადასხვა სახეობის: სამედიცინო, ბალნეო, სამთო, არქეოლოგიური, რელიგიური ტურიზმის განვითარება. მისასალმებელია დაცული ტერიტორიების სიაში ახალი ობიექტების შეტანა. მათი ხარისხიანი დაცულობა რეგიონების განვითარების ერთ-ერთ სერიოზულ გზას გვისახავს და გარემოს დაცვას ემსახურება“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.