7-03-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 190 00 ჰა-ით გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პირველად, საქართველოს დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი.
2018 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტო გახდა ევროპარკების ფედერაციის წევრი.
მნიშვნელოვანია, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება და მისი პოპულარიზაცია, ამისთვის 2019 წელს სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს. 2018 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო სერვისებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა 87%-ით გაიზარდა.
შემოსავლები მოხმარდება საკონსერვაციო საქმიანობას და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
განხორციელდება რიყის პარკში დაცული ტერიტორიების საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრის შენობის პროექტირება.
2019 წელს ვიზიტორებისთვის გაიხსნება ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდის. კვლევების მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტმა საქართველოს ეკონომიკაში 87 000 000 ლარი შეადგინა“ - განაცხადა მინისტრმა.