« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
8-03-2019
საქართველოს მასშტაბით 1111 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელთა სწრაფი განვითარებისათვის შემუშავებულია და ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 210-ზე მეტ მეპაიეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 2000 ფურზე მეტს შეადგენს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები.
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 204 მეპაიე, მობილიზებული ვენახის რაოდენობა 219 ჰა-ს შეადგენს.
სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში, 2018 წელს 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 300-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული საქონლის რაოდენობა კი 2200 ფურს შეადგენს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას, ბრენდირებას გულისხმობს.