12-03-2019
ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო.
გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოკლული პოლიციელის ბუტა ანთაძის ოჯახის წევრებისგან პროტესტი მოყვა. ისინი ბესიკ ტაკიძის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ.
მკვლელობა გასული წლის ზაფხულში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 15 ივნისს, ღამით სოფელ მუხაესტატეში ბესიკ ტაკიძემ პოლიციის განყოფილების უფროს ბუტა ანთაძეს ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელთან ტაკიძეს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა.