13-03-2019
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესის ოლქის გუბერნატორის პოზიციასაც იკავებდა, უკრაინულ ტელეკომპანია «Наш»-ის ეთერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყირიმის შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
„სამწუხაროდ, ყირიმის საკითხში უკრაინა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ყირიმის მიმართ [რუსეთმა] თავის დროზე იგივე გააკეთა, რაც სამხრეთ ოსეთში - ცხინვალის რეგიონში. იქაც გამოჩნდნენ „მწვანე კაცუნები“, რომლებიც სინამდვილეში გადაცმულები იყვნენ. ჩვენ მათ წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ რადგანაც საქართველო პატარა სახელმწიფოა და ჩვენ სტრატეგიული სიღრმე არ გვქონდა, წინააღმდეგობა რომ არ გაგვვეწია, ისინი, „მწვანე კაცუნები“, თბილისს აიღებდნენ. 2014 წელს უკრაინა არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მას წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო. უფრო მეტიც - არა მხოლოდ უკრაინა არ იყო მზად, არამედ აშშ-ის ადმინისტრაციაც ძალიან აწვებოდა კიევს. მე მაშინ კიევში ვიყავი და მომსწრე ვარ ამ ზეწოლისა - ჯონ კერი რეკავდა ხოლმე და ამბობდა, წინააღმდეგობა არ გაუწიოთო. არადა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევა სურდათ და ასე რომ გაკეთებულიყო, ყირიმი შენარჩუნდებოდა. მოკლედ კიევში ქაოსი იყო და არავის არ უნდოდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. მე მეტსაც გეტყვით: როცა ეს მოვლენები ხდებოდა, მე მქონდა საუბარი პეტრო პოროშენკოსთან ამ თემაზე, ძალიან აღელვებული ვიყავი ყირიმის გამო. ჰოდა, მან ასე მითხრა: „იცი, მიშა, შენ ხომ პრაქტიკულად შეეჩვიე, შეეგუე იდეას, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს არასდროს არ დაუბრუნდებიან. ზუსტად ასევე ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ყირიმი უკრაინის აღარ იქნება. სამაგიეროდ ჩვენ ევროკავშირშრში და ნატოში გავწევრიანდებითო. მე მას ვუთხარი: „პეტია (მაშინ ჯერ კიდევ პეტროს ნაცვლად პეტიას ვეძახდი, თანაც ჯერ პრეზიდენტი არ იყო და ერთმანეთს „თქვენობით“ არ მივმართავდით), ჯერ ერთი, ვინ გითხრა, რომ ჩვენი ტერიტორიები საქართველოს ნაწილები აღარ იქნებიან? მათ დავიბრუნებთ და თან ძალიან მალე. ჩვენ, ქართველები, ამისთვის მუდამ ვიბრძვით. მეორე - ვინ გითხრა, რომ თუ ყირიმის დასაბრუნებლად არაფერს გააკეთებთ, ნატოსა და ევროკავშირში მიგიღებენ? პირიქით, ეს ის მიზეზი იქნება, ის ტერიტორიული კონფლიქტი, რის გამოც არ მიგიღებენ. და მესამე - ვინ გითხრა, რომ [რუსეთი] ყირიმზე გაჩერდება და ეს ყველაფერი დონბასზე არ გავრცელდება? პეტრო მეუბნება, რომ არა, არა, იქ ჩვენ ძლიერი პოზიციები გვაქვს, მსგავსი რამ არ მოხდება და ა.შ.“-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newsprass.ge