15-03-2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები, სულ 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა ინტერნეტით დაიფარება. ამასთან, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.
ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ დღეს ტექნოპარკში გაფორმდა. ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.
როგორც ლაშა მიქავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრ
ის ხეობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ისარგებლოს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, ინტერნეტ საზოგადოებასთან (ISOC) აწარმოა მოლაპარაკებები და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება 25 000 აშშ დოლარის ოდენობით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად. ასევე პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხები დაიფარება სხვადასხვა დონორის საშუალებით.
პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“, რომლსაც პროექტის რეალიზაციაში და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) დაეხმარება.
მსგავსი პროექტი ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, თუშეთში 2017 წელს დასრულდა - დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელის მართვას უზრუნველყოფს ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი“.