22-03-2019
კახეთის რეგიონის სხვადასხვა ადგილიდან ჭაბურღილებიდან, წყლის გამანაწილებელი სისტემის კვანძიდან, გამანაწილებელი ქსელიდან, რეზერვუარებიდან გამომავალი წყლის ქსელიდან აღებული 60 სინჯიდან, რომელიც ლაბორატორიულად შემოწმდა, ნახევარზე მეტ შემთხვევაში, წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკო– ქიმიური და ორგანოლეპტიკური დაბინძურების შემთხვევები დაფიქსირდა.
სასმელი წყლის ხარისხზე კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობა წლებია საუბრობს. არის შემთხვევები, როცა წყალს ონკანზე მწერები და ტალახი მოსდევს. სოფელ მელაანის მცხოვრები ლამარა მაილაშვილი აცხადებს, რომ წყლის სისტემის მოუწესრიგებლობის გამო ყოველი წვიმის დროს ონკანზე ტალახიანი წყალი მოდის.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უწყება სასმელი წყლის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. ყოველწლიურად იზრდება აღებული ნიმუშების რაოდენობა და კონტროლის მასშტაბი. სააგენტოს უფროსი, ზურა ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ ქალაქსა და რეგიონებში მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახის დარღვევები ფიქსირდება, სიტუაცია წინა წლებთან შედარებით მაინც გამოსწორებულია.
სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს კახეთის მუნიციპალიტეტებში აღებული წყლის 60 სინჯიდან, რომელიც სხვადასხვა სოფლებიდან, დაწესებულებებიდან და წყლის ქსელიდან იქნა აღებული, დაბინძურების 32 შემთხვევა დაფიქსირდა.
„კახეთის ხმის“ ინფორმაციით, ძირითადი დარღვევები, რომელიც წყლის ხარისხთან მიმართებით იკვეთება, ეს არის ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ქიმიური დარღვევები.
ამასთან დარღვევები გამოვლინდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაკეთებული სინჯებიდან, – სოფელ მელაანსა და კარდენახში დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური დაბინძურების ფაქტი. გარდა ამისა, სიღნაღის სოფელ ქვემო ბოდბეში საჯარო სკოლის ეზოდან აღებული წყლის შემოწმებისას მიკრობიოლოგიური და ფიზიკო–ქიმიური დაბინძურების შემთხვევა დაფიქსირდა.
.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ნინო ნაცვლიშვილის თქმით, კომპანია კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში მხოლოდ იმ აბონენტებთან და კონკრეტულ სოფლებში მუშაობს, სადაც კომპანიაა პასუხისმგებელი წყლის მიწოდებასა და ხარისხზე. კომპანიას კახეთის რეგიონში 8 სერვის ცენტრი აქვს განთავსებული.
კომპანიას ყველა სერვისცენტრში აქვს სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია , სადაც ყოველდღიურად ტარდება ანალიზი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ შემოწმებას მუნიციპალიტეტეტის სოფლებში ვერ ახდენენ. შემოწმება მხოლოდ წყალმომარაგების სისტემაში შემავალ გარკვეულ ტერიტორიებზე ხორციელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს კახეთის რეგიონში წყალმომარაგების და წყალარინების 16 პროექტი განხორციელდება. უწყების ინფორმაციით, პროექტები განხორციელდება თელავის, სიღნაღის, ახმეტის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.
,,მიმდინარე წელს წყალმომარაგების მოსაწესრიგებლად პროექტების განხორციელება იგეგმება. შედეგად მოსახლეობას მოეხსნება წყალთან დაკავშირებით პრობლემა და მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებას. საქართველოს რეგიონებში ჯამში იგეგმება 85 პროექტის განხორციელდება, რისთვისაც 282 მილიონი ლარი დაიხარჯება”,- აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.