9-11-2017
კურორტ აბასთუმანში მდინარე ოცხე დასახლებული პუნქტის მთელ მონაკვეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედახმედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ სექტემბერში დააფიქსირა. იმის გამო, რომ აღნიშნულმა უწყებამ სამართალდამრღვევი ვერ გამოავლინა, ოცხეს დასუფთავების შესახებ ადიგენის გამგეობას მისწერა.
სექტემბრის ბოლოს დაბინძურებული ოცხეს ნაპირები "სამხრეთის კარიბჭემაც" გადაიღო. მაშინ ადგილობრივები, ნანა აღლემაშვილი და ნინო სორდია, აცხადებდნენ, რომ მდინარის კალაპოტი არავის დაუსუფთავებია. ასეთი შაბათობის მოწყობის შემთხვევაში კი მზადყოფნას გამოთქვამდნენ, რომ გარემოს ნარჩენებისგან გაწმენდაში თავადაც ჩერთვებოდნენ.
„სამხრეთის კარიბჭე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურიდან პასუხს იმის შესახებ, თუ რა რეაგირება მოახდინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან შესულ წერილზე, სამ კვირაზე მეტ ხანს ელოდა.
მთავარმა სპეციალისტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში ჯაბა ენუქიძემ ჯერ მოუცლელობის გამო გაგვითიშა ტელეფონი, შემდეგ კი მის ტელეფონს სხვამ უპასუხა.
წამყვანი სპეციალისტი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში ბადრი მათოშვილი აცხადებს, რომ პირველი ნოემბრიდან შვებულებაში იმყოფება, მანამდე კი მდინარის დასუფთავების ფაქტს ვერ იხსენებს: „ვატარებთ ხოლმე შაბათობებს, ალბათ, დავასუფთავებდით, არ ვიცი“.
მდინარე ოცხეს კალაპოტის დასუფთავების შესახებ არც გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმანში გიორგი გედევანიძე საუბრობს: „ახლა ზრდილობის გულისთვის მოგისმინეთ, ისე არ მცალია. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით“.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მდინარის კალაპოტი დაასუფთავეს, მაგრამ ისევ დაბინძურდა. თუმცა, როდის გავიდა ჯგუფი ოცხედან ნარჩენებისგან გასაწმენდად, არც აქ იციან.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კი მონიტორინგი იმაზე, მოჰყვა თუ არა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან რეაგირება პრობლემაზე, ჯერ არ გადაუმოწმებია.
„ვადები არ არის განსაზღვრული, თუ რა პერიოდში უნდა დაასუფთავოს უწყებამ მითითებული ადგილი. ამიტომ ამ ეტაპზე ადიგენის გამგეობას ოქმს ვერ შევუდგენთ. ჩვენი სამსახური ბუნებრივია კონტროლს ახორციელებს და ამ ფაქტს გადაამოწმებენ“, – ამბობს არემოსდაცივით ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს იურისტი თამარ ლომიძე.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"