22-03-2019
გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს, მწერლის მშობლიურ ქალაქში ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა.
18-დან 20 მარტის ჩათვლით, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და შოთა მესხიას კოლეჯის სტუდენტებისთვის მიმდინარეობდა ქართულ-ებრაული კულტურის დიდი მოღვაწისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
20 მარტს, ჯემალ აჯიაშვილის მშობლიურ ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში, ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ქართველი და ებრაელი ერის უპრეცენდენტო მეგობრობის სიმბოლოს - ორი დიდი მამულიშვილის - ჟიული შარტავასა და ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას მიეძღვნა.
"21 მარტს, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ასევე გაიმართა მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და გამოფენა.
22 მარტს, კვირეულის დასკვნით დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საკრებულოს დეპუტატებმა, თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სკვერში ყვავილებით შეამკეს მწერლის ბარელიეფი, რის შემდეგაც, სიმბოლურად, მისი სიყრმის მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მუზეუმში გაიმართა დიდი ქართველი ებრაელი მწერლისა და მოღვაწის საიუბილეო საღამო.
მუზეუმის ფოიეში, ორი ერის საამაყო შვილის სურათების ფოტოგამოფენა უხმობდა დამთვალიერებელს, უკრავდა ვიოლინო... ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრების გზა, მისი ამაგი ორი, სისხლხორცეულად მშობლიური ერის კულტურის ისტორიაში, სენაკელ ებრაელთა და ქართველთა თანაცხოვრების ულამაზესი ისტორიის ფურცლები, მწერლის უთბილესი მოგონებები მშობლიურ ქალაქზე, მისი ღრმა, ,,ვეფხისტყაოსნითა’’ და უძველესი ებრაული კულტურით ნასაზრდოები ყოვლისდამტევი შემოქმედება წარმოჩინდა დღეს გამომსვლელთა სიტყვებში, ეკრანზე გაცოცხლებულ დოკუმენტურ კადრებში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ მსახიობების მიერ შთამბეჭდავად წარმოდგენილ ლიტერატურულ კომპოზიციაში.
ჯემალ აჯიაშვილმა ებრაელთა დიდ პოეზიას ქართულ ენაზე ძეგლი დაუდგა. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო ქართველი და ებრაელი ერის ურყევი მეგობრობისადმი მიძღვნილი ქართულ ენაზე აღვლენილი სიყვარულის უკვდავი საგალობელი. მისი ცხოვრება არის გზა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ თავდება და ახალ სიცოცხლეს იძენს", 0 ნათქვამია სენაკის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.