26-03-2019
1-ლი აპრილიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზატორებს ევალებათ, პესტიციდი და აგროქიმიკატი, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი პროდუქტი, განათავსონ მხოლოდ სპეციალიზებულ სავაჭრო ქსელებში. ინფორმაციას სურსათის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ბიზნესოპერატორები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვა-რეალიზაციასთან, 1-ლი აპრილიდან აღიარებას დაექვემდებარებიან.
"ბიზნესოპერატორებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას და შედეგების გათვალისწინებით, მიანიჭებს აღიარებას. აღიარების გარეშე დარჩება ბიზნესოპერატორი, რომელიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას აწარმოებს არასპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში ან საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი მდებარეობს დასახლებულ ადგილას, ცხოველთა და ფრინველთა სადგომის ან კვებისა და წყალმომარაგების ობიექტების სიახლოვეს.
ეს ცვლილებით თავიდან ავიცილებთ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარემოს დაბინძურების რისკს.
ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესოპერატორებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.