27-03-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ფარგლებში, საქართველოში კარტოფილის მეთესლობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა შემუშავდა.
სამწლიანი პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება და მისი ფინანსური მხარდამჭერი ავსტრიის განვითარების სააგენტოა (ADA).
კარტოფილი მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა ახალი გენოტიპების შემოტანას, ვირუსებისადმე გამძლე ჯიშების იდენტიფიკაციას და კატალოგის შექმნას, ჯიშობრივ კვლევებს, სპეციალისტების და ფერმერების გადამზადებას, საჭირო ტექნიკის ადაპტაციას, ბიზნესშესაძლებლობების განვითარების ანალიზს და ჯანსაღი სათესლე მასალის მიღებით მოსავლიანობის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს.
საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმის წარდგენას საერთაშორისო ექსპერტი, ხორხე ანრადე-პიედრა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გურამ ალექსიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.