27-03-2019
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავში , შრომით უფლებებზე ორდღიანი ტრენინგი გაიხსნა. ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
ტრენინგში მონაწილეობენ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები, მედიცინის, განათლების და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულები, აგრეთვე ბოლნისის და რუსთავის საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები. შესაძლებლობების ამამაღლებელ სემინარი რამდენიმე საკითხზე იმართება, მათ შორის: სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე. სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა არიან.
პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში.
შეხვედრას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა კინან ბაჰნასიმ გახსნა.
რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს: "აღსანიშნავია, რომ ტრენინგზე ყურადღებას რეგიონში, შრომით ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ვამახვილებთ. საუბარი ეხება საკანონმდებლო და პრაქტიკულ ხარვეზებს, რაც ხელს უშლის წარმატებულ სოციალურ დიალოგს. ვიხილავთ ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებსაც, რომლებზეც აქტიურად მუშაობს პროფკავშირების გაერთიანება, მათ შორის საპენსიო რეფორმას, მინიმალური ხელფასს, უმუშევრობის შემწეობას, შრომის უსაფრთხოებას და გენდერული თანასწორობას შრომით ურთიერთოებში".
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია ერთი თვეა დაიწყო. შევედრები უკვე შედგა ბათუმში და ქუთაისში.
ტრენინგი რუსთავში მდებარე სასტუმრო „რუსთავში“ ხვალ დასრულდება.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.