გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

29-03-2019

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.


წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.


ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და წიგნის ავტორებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს, რომ წიგნი აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.


პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.