31-03-2019
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
შინაგან საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, სამეგრელოს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ზუგდიდის მერის პირველ მოადგილე გეგა შენგელიასთან ერთად, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირველი პრეზიდენტის ძეგლის გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც ზუგდიდის არტ-გალერეაში ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო გამოფენის გახსნას დაესწრო.
"ბევრი ქართველისთვის, ისევე როგორც თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს ამ პარაკლისს დაესწრო, რა თქმა უნდა, საკმაოდ ემოციურია ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად, ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები პირველ რიგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას უკავშირდება. შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, პირველ პრეზიდენტს. უაღრესად დიდი ვალდებულება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ მე-20 საუკუნის ეს უდიდესი მიღწევა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, პატივისცემით, ღირსებით მოვიხსენიოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ინსტიტუციონალურად ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი და მომავალზე ორიენტირებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.