გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

«Radio Voice of America» (აშშ): პრეცედენტი თუ მანიპულირება-აფხაზეთისა და კოსოვოს შედარება

21-12-2017

ცოტა ხნის წინ, აქტიური განხილვა მოჰყვა აფხაზეთის ომში დაღუპულ აფხაზთა მემორიალს შოტლანდიის პატარა ქალაქ კილმარნოკში, რომელიც 1995 წელს გაიხსნა. საქართველოს მხარის დემარშის შემდეგ, ლონდონში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის ცნობით, ოფიციალურმა ლონდონმა მონუმენტის მოხსნა გადაწყვიტა. ოკუპირებულმა სოხუმმა საქართველოს ბრალი დასდო იმაში, რომ ის „აფხაზი ხალხის ისტორიულ მეხსიერების შეურაცხყოფს“. 
ამ შემთხვევის გარდა, მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთთან ერთად, აქტიურად ცდილობს მოიპოვოს გარკვეული ტიპის დიპლომატიური აღიარება, სახელმწიფო, რეგიონალურ თუ ადგილობრივ დონეზე ევროპასა და მის მიღმა.
რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული სოხუმი იტალიის პატარა ქალაქთან ეცადა თანამშრომლობის დამყარებას. ოკუპირებული აფხაზეთის მცდელობა მოიპოვოს აღიარება კრემლზე გადის. საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის კრიტიკას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ცნობის შესახებ, მოსკოვი ხშირად პასუხობს იმით, რომ ის მხოლოდ იმ „პრეცედენტს“ მისდევს, რომელიც დასავლეთმა კოსოვოს შემთხვევაში დაუშვა.
კოსოვო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2008 წელს აღიარა. აღიარება კოსოვოს წინააღმდეგ სერბეთის მიერ ძალის გამოყენებას, რეპრესიულ პოლიტიკას და ომის დანაშაულებს მოჰყვა. თუმცა მიმომხილველები ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აფხაზეთის და კოსოვოს შემთხვევა ძალიან განსხვავებულია და მათი შედარება არასწორია.
“მართალია კოსოვოს შემთხვევაში ამერიკამ და ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა დაუშვეს პრეცედენტი, რომ საზღვრების შეცვლა მისაღებია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ სერბეთი კოსოვოელი ხალხის წინააღმდეგ ჩადიოდა დანაშაულს და ხდებოდა მასობრივი მკვლელობის ფაქტები. აფხაზეთის შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა. აქედან პრეცედენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია შექმნა, თუ მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ხდება“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში.
„აფხაზეთს თბილისისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაშინ როდესაც კოსოვოელები იყვნენ გარდაუვალი საფრთხის წინაშე. როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ხალხის კეთილდღეობას, ამ ორ შემთხვევას ვერ შევადარებთ. და მოდით სიმართლე ვთქვათ, კრემლს არ ადარდებს ადამიანების კეთილდღეობა. მათ შორის - რუსი ხალხის. კრემლის პოზიცია არის ნათელი მცდელობა იმის, რომ გაამართლოს ის, რისი გამართლებაც შეუძლებელია”, - თქვა ჯონ ჰერბსტმა.
კოსოვოს კონფლიქტი ნატოს ჩარევის შედეგად დასრულდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების, კოსოვოში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მარტი აჰტისაარის გეგმის უგულვებელყოფის და გამოსავლის ძიების ყველა ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგობის შემდეგ, ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა და ამერიკამ კოსოვოს ცნობის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს, კოსოვოს დამოუკიდებლობას მსოფლიოს გარშემო ასზე მეტმა სახელმწიფომ აღიარებს. ხოლო, აფხაზეთის აღიარების საკითხი ამ დრომდე წარუმატებელია, მას რუსეთის ზეწოლით მხოლოდ ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ ცნობს. 
კრემლის მიერ კოსოვოს მაგალითით მანიპულირება, არ მოსწონთ მის სერბ მოკავშირეებს. ბელგრადს არ აწყობს, როდესაც მისი მოკავშირე სეპარატისტულად განწყობილი ტერიტორიების აღიარების სამართლიანობაზე საუბრობს.
“ცოტა სასაცილოა, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. სერბები ზოგადად მოხარულნი არიან, როდესაც რუსეთი მათ უმაგრებს მხარს. პოლიტიკოსები იქ ამას იარაღად იყენებენ. ხშირ შემთხვევაში, მათ აწყობთ, როდესაც რუსეთი მსგავს საკითხებში მათ დასავლეთის წინააღდეგ მხარს უჭერს", - ამბობს დამირ მარუსიჩი, გამოცემა "ამერიკული ინტერესის" აღმასრულებელი დირექტორი, - თუმცა, რუსებმა კოსოვოს პრეცედენტი სერბეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. ისინი ამბობენ, რომ დასავლეთმა სერბეთს განუყოფელი ნაწილი მოაცილა და რომ ეს პრეცედენტს ქმნის მოსკოვისთვის იგივე გააკეთოს საქართველოში და უკრაინაში. სერბებს ურჩევნიათ ამ წინააღმდეგობრივ მტკიცებას თავი აარიდონ - იმას, რომ მათი მხარდამჭერი ძალა კოსოვოს პრეცენდენტს საკუთარი ქმედებების გასამართლებლად იყენებს“.
ერთი კვირის წინ, მოსკოვსა და ოკუპირებირებულ აფხაზეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. კრემლი გეგმავს აფხაზეთის მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებას, რაც სოხუმის მოსკოვთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას გულისხმობს. ამ დრომდე, კრემლი აფხაზეთში რუსულ პასპორტებს გასცემდა, რაც არაერთხელ გახდა საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთების მიზეზი.