2-04-2019
რუსეთმა ამას წინათ სამხედრო სწავლებები ჩაატარა აფხაზეთში - შავიზღვისპირა რესპუბლიკაში, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, რამდენიმე სახელმწიფოს გარდა, მეზობელ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. სხვათა შორის, საქართველოშიც ასევე გაიმართა საპირისპირო სამხედრო მანევრები, ნატოს მონაწილეობით, რომელსაც გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრო.
თბილისში ვიზიტის დროს იენს სტოლტენბერგმა „ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და „მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან“. სამხრეთ ოსეთი კიდევ ერთი პრომოსკოვური ტერიტორიაა, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა 1990-იან წლებში გამოაცხადა. ეს ორი გამოყოფილი რეგიონი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლის შეასრულეს 2008 წლის აგვისტოში მომხდარ საქართველო-რუსეთის ომში და სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული, ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თბილისის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვის ფონზე.
მოსკოვი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობის წინააღმდეგია, რადგან თუ ეს მოხდება, მაშინ რუსეთსა და ნატოს შორის ფრონტის ახალი ხაზი იქმნება. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პერმანენტულად ფართოვდებოდა აღმოსავლეთისაკენ, ანუ რუსეთის საზღვრებისაკენ.
იმ დროს, როცა იენს სტოლტენბერგი საქართველოს ოფიციალური პირების წინაშე გამოდიოდა, აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარები პირობითი მოწინააღმდეგის სახმელეთო და საჰაერო სამიზნეებს გრანატმტყორცნებით, ნაღმტყორცნებით და ქვემეხებით ესროდნენ. სამხედრო წრთვნები წებელდის და ნაღვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ჩატარდა. რუსეთის ჯარები თავიანთ მანევრებს ორშაბათამდე აგრძელებდნენ წინასწარ შემუშავებული სცენარით, რომლის მიხედვით, „საშუალება არ მისცეს პირობით ბოევიკებს ხელში ჩაეგდოთ გუდაუთის საკონტროლო-გამშვები პუნქტი“. მანევრების დამამთავრებელ ეტაპზე მასში დაახლოებით 500-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, რომლებსაც ცივი ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ერთ-ერთ ე.წ. „გაყინულ კონფლიქტში“ მოქმედების გამოცდილება აქვთ მიღებული.
იმ წარმატებულმა სამხედრო დახმარებამ, რომელიც რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გაუწია საქართველოსთან 2008 წელს მომხდარ ომში, მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში კრიზისი გააჩინა. ორივე მხარე ერთმანეთს დაუპირისპირდა 2014 წელსაც, როცა უკრაინაში მიმდინარე მძაფრი პოლიტიკური საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთმა კიევის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, პარალელურად კი მხარი დაუჭირა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაწყებულ სეპარატისტულ მოძრაობას. იმავე 2014 წელს მოსკოვმა ოფიციალურად გააფორმა თავისი სამხედრო პარტნიორობა აფხაზეთთან, ხოლო 2015-ში - სამხრეთ ოსეთთანაც.
რუსეთის ამ ნაბიჯების საპასუხოდ ნატომ ბალტიისპირეთში - ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში და პოლონეთში ოთხი საბრძოლო ჯგუფი ჩამოაყალიბა. მას შემდეგ ეს რეგიონი უპრეცედენტო ისტორიული მასშტაბის მქონე სამხედრო მშენებლობის ადგილად ითვლება. საშუალო და მცირე სიშორის ბირთვული რაკეტების ხელშეკრულების კრახის შემდეგ ორივე მხარე ამ რეგიონში ერთმანეთს ახალი რაკეტების განლაგებით ემუქრება.
საქართველოში ნატოს გენმდივნის ვიზიტისა და თბილისთან ახლოს დაწყებულ ალიანსის სამხედრო წრთვნებთან დაკავშირებით აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ „თბილისსა და ბრიუსელს მოუწოდა გააცნობიერონ ის შედეგები, რომლებიც ამგვარ აშკარა დესტრუქციული ქმედების დემონსტრაციასა და სამხედრო ამბიციებს მოჰყვება“.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის სხდომაზე, რომლებშიც სეპარატისტული რესპუბლიკების გარდა, საქართველოს, რუსეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც შედიან, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა „შეშფოთება გამოხატა და თქვა, რომ [საქართველოს მხრიდან] რაიმე პროვოკაციული მოქმედების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი იძულებული იქნება დასახმარებლად თავის ძლიერ მოკავშირეს მიმართოს, საკუთარი ტერიტორიის დაცვის მიზნით“.
ორშაბათს ნატოს წევრმა ქვეყნებმა - ნიდერლანდებმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა თავისი სამხედრო ხომალდები გაგზავნეს საქართველოს ფოთის ნავსადგურში, რომელიც 30 მილის დაშორებით მდებარეობს აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარიდან. იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაულ კოვას შეხვდა, ურთიერთობის განმტკიცების მიზნით.
გასულ კვირაში, ხუთშაბათს, ჰოლანდიელმა კომოდორმა (საზღვაო შენაერთის მეთაურმა) ბუდვეინ ბოტსმა ტვიტერში დაწერა, რომ „ნატოს ხომალდები მოუთმენლად ელოდებიან საზღვაო წრთვნების Sea Shield-ის („საზღვაო ფარის“) დაწყებას უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთანო“, ამის საპასუხოდ კი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრმა სერგეი ჟელეზნიაკმა გუშინ, ორშაბათს განაცხადა, რომ „ნატოს მანევრები შავ ზღვაში კიდევ ერთი უაზრო მცდელობაა რუსეთზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ყირიმის გამო“. დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების შესაძლებლობა თვითონ ნატოსაც კი არ სჯერაო“.
იბეჭდება მცირე შემოკლებით
სტატიის ავტორი: ტომ ო’კონორი