2-04-2019
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიმდინარე პროექტების ფარგლებში შიდა ქუჩებზე გზის საფარის აღდგენა დაიწყო.
ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს გოგებაშვილისა და შარტავას ქუჩებზე, რამდენიმე დღეში კი დაიწყება ხორავას, შენგელიას, კობახიძის, ტაბიძისა და გორგასალის ქუჩების რეაბილიტაცია.
აპრილის ბოლოდან სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება მოსაშვილის, ცეტკინისა და ჩიტაძის ქუჩებზე.
ჯამში გზის საფარი 100-ზე მეტ ქუჩაზე აღდგება.
აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მიმდინარე წელს დაასრულებს, რაც ზუგდიდის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
პროექტებს ჯამურად 220 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.