2-04-2019
ხობის სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.
პირველი ეტაპი იმ ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, რაც გამაგრებას არ ექვემდებარება. თუმცა ძირითადი შენობა რჩება. შენობასა და ეზოს კი საგანგებოდ შემუშავებული პროექტის მიხედვით აღადგენენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მათი სურვილია სამუშაოები შუა ზაფხულში დასრულდეს. ამიტომაც, რეკონსტრუქცია ინტენსტიურად მიმდინარეობს.
სააგენტოს კოორდინაციით, სახლის რეკონსტრუქციას ფონდი “ქართუ” აფინანსებს. რა თანხა დაიხარჯება აღდგენისთვის, სააგენტოს დირექტორი არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ფონდის ნაცვლად ის ვერ ისაუბრებს.
ზვიად გამსახურდია 26 წლის წინ ხობის სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას ოჯახში გარდაიცვალა. მოკლეს თუ თავი მოიკლა, ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. სოფელი მეპატრონემ, დაახლოებით, ათი წლის წინ, პირადი პრობლემების გამო დატოვა.