5-04-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეები: სიკო მ. და გოდერძი მ. დააკავეს, ხოლო საქართველოს ორი მოქალაქე: გიორგი გ. და გეგა ძ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 2016 წლის 22 დეკემბერს გაცემული ლიცენზიით, საქართველოს მოქალაქე სიკო მ-ს უფლება მიეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანებზე კონკრეტულ კონტურში მოეპოვებინა 20 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. მიუხედავად ხსენებული ნებართვის არსებობისა, სიკო მ-მ დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით განიზრახა სალიცენზიო პირობების დარღვევით, კონტურს გარეთ მოეპოვებინა ინერტული მასალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სიკო მ. თანამზრახველ გოდერძი მ-სთან ერთად დანაშაულებრივად დაუკავშირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს: გიორგი გ-ს და გეგა ძ-ს და შეუთანხმდა მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკით მოეპოვებინათ ინერტული მასალა და მოეხდინათ რეალიზება.
2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანებზე, სალიცენზიო პირობების დარღვევით და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მონაკვეთის ფარგლებს გარეთ, ზემოაღნიშნულმა პირებმა მოიპოვეს 255 134 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რის შედეგადაც გარემოს მიაყენეს 342 964,41 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი. ზემოაღნიშნული პირების მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ინერტული მასალის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 2 263 005 ლარი შეადგინა.
გამოძიება ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 299-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ამავე საქმეზე, 2018 წელს დააკავეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების 8 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უპირატესობას ანიჭებდნენ სიკო მ-ს, გიორგი გ-ს, გეგა ძ-ს, გოდერძი მ-ს და არ ახდენდნენ სათანადო რეაგირებას მათ მიერ ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებაზე, რითიც დამალეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული და გარემოს მიადგა რამდენიმე ასეულობით ათასი ლარის ზიანი.