8-04-2019
ყველა თავის ქალას კეფაზე ტყვიის კვალი აქვს, დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხის აღმოჩენის საკითხს შეეხება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნეშტების დაკრძალვას სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი დაესწრება.
ეპარქიაში აცხადებენ, რომ რეპრესირებულთა პატივსაცემად მემორიალი აღიმართება, ასევე აშენდება მუზეუმი, სადაც რეპრესირებულთა ნივთები განთავსდება.
"ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N 338-ში საქართველოს საპატრიარქოსათვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე გაითხარა 4 სამარხი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. აღნიშნულმა მოვლენამ ფართო საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია; ამასთან დაკავშირებით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია გაცნობებთ:
სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო, ამავე პერიოდში ამ თემის შესახებ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი.
შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ გათხრების შესახებ, მათ გამოგზავნეს გამნაღმველები, რომლებსაც დაევალათ ტერიტორიების გასუფთავება.
XX-ს. ის 30-იან წლებში ეს ადგილი დაუსახლებელი იყო, ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, მიცვალებულთა ნაშთები(ძვლები) პირველად საბჭოთა დროს სამხედრო ბაზის (საბჭოთა სატანკო ბატალიონი) მშენებლობის პერიოდში აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია დამალეს.
სამხედრო ბაზის ტერიტორიას არქეოლოგიური გათხრების პროცესში ხშირად სტუმრობდნენ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებიც. გათხრები მიმდინარეობდა კრიმინალური პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. სამხედრო ბაზის სიახლოვეს მცხოვრებთა ნაწილი დიდი ინტერესით აკვირდებოდა მიმდინარე სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XXს-ის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს. სამარხებში არ აღმოჩნდა არც ერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების).
დნმ-ის ანალიზის ჩატარება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ს ბაზები, რაც საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დროს გაკეთდეს ანალიზები და მოიძებნოს დაღუპულთა შთამომავლები.
სამარხეული ინვენტარის, მათ შორის ტყვიების და ტანსაცმლის, შესწავლა სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ.
21 აპრილს გაიმართება სამოქალაქო დაკრძალვა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც.
სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს მუზეუმის მოწყობას, სადაც გამოიფინება ფოტო და ნივთიერი მასალა. აქვე აღიმართება მემორიალი, რომელზედაც დატანილი იქნება 1937-38 წლებში ბათუმში დახვრეტილთა სახელები. სამუზეუმო კოლექციის გასამდიდრებლად მივმართავთ გარდაცვლილთა ნათესავებს თხოვნით, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ფოტომასალა თავიანთი დაღუპული წინაპრების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.